საიბარი ბაიერნში გადადის - მიუნხენურმა კლუბმა PSV-სთან სრულ შეთანხმებას მიაღწია
მიუნხენის ბაიერნმა პსვ-დან ისმაელ საიბარის ტრანსფერზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ფაბრიციო რომანოს თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.
25 წლის საიბარი ამჟამად მაროკოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც ბრაზილიასთან ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში გოლის გატანაც მოასწრო. შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში, ნიდერლანდურ კლუბს 2020 წელს გენკიდან შეუერთდა და ახლახან პსვ-სთან ერთად ზედიზედ მესამედ გახდა ერედივიზიონის ჩემპიონი.
გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე, საიბარმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 19 გოლსა და 9 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
როგორც გერმანულ წყაროებზე ვკითხულობთ, კონტრაქტის ხელის მოწერამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმებაა დარჩენილი. ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, საიბარი ბაიერნისთვის მიმდინარე ზაფხულის მეორე ტრანსფერი გახდება ნოელ ასეკოს შემდეგ, რომელიც მიუნხენურ კლუბს ჰანოვერში გატარებული 18-თვიანი იჯარის შემდეგ დაუბრუნდა.
საიბარი მრავალმხრივი ნახევარმცველია. თავს ყველაზე კომფორტულად მეათე ნომრის პოზიციაზე გრძნობს, თუმცა სიღრმიდან თამაშიც შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში, ფლანგზეც ეფექტურად ინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ მაროკოელს შორეული დარტყმები ორივე ფეხით ჩინებულად გამოსდის.
საიბარმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პსვ-ს ბოლო ორ საჩემპიონო სეზონში - ნიდერლანდების ჩემპიონატში, სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 61 მატჩში ჯამში მან ჯამში 56 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ტექნიკურმა ბრწყინვალებამ და ევროპულ ასპარეზზე თავის გამოჩენამ საიბარი მაროკოს ნაკრების ძირითად ბირთვს დაუკავშირა. მისი დებიუტი ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვალიდ რეგრაგის დროს შედგა, რომელმაც ოთხი წლის წინ მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიიყვანა.