რუნი მწვრთნელობას არ ეშვება | ამჯერად მდიდრების შვილებს დუბაიში ასწავლის
უეინ რუნი "პლიმუთიდან" ცუდი შედეგების გამო 2 თვის წინ გაუშვეს, ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კი ახალ სამსახურს მალევე მიაგნო. მართალია, გუნდის მწვრთნელად ვერა, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში, მდიდარი დამსვენებლების შვილების მენტორი იქნება და მათ ფეხბურთს შეასწავლის.
დუბაიში, სასტუმრო Jumeirah Beach Hotel-ს მომხმარებლისთვის ასეთი შეთავაზება აქვს:
"სანამ ბავშვები სწავლობენ ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშისგან, მშობლებს შეუძლიათ დაისვენონ პირად სანაპიროზე, დატკბნენ კარგი სადილით ან დაკავდნენ ოჯახზე ორიენტირებული მრავალი აქტივობით.
პრემიერლიგის ლეგენდის მწვრთნელობიდან დაწყებული, დუბაის მდიდრულ გარემოში დასვენებამდე, ფეხბურთის ეს დღესასწაული გართობის, სწავლისა და ხარისხიანი ოჯახური დროის ტარების სრულყოფილ ბალანსს ქმნის."
რუნი სწორედ პრემიერლიგის ის ლეგენდაა, რომლითაც სასტუმრო ასე იწონებს თავს. ერთდღიანი პაკეტის ფასი სულაც არაა იაფი, მაგალითად, 4-სულიანი ოჯახისთვის ამ შეთავაზებით სარგებლობა 7500-დან 8650 ფუნტამდე მერყეობს.