Belive

რუმინეთში ავტოკატასტროფას პაოკის 7 გულშემატკივარი ემსხვერპლა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რუმინეთში ავტოსაგზაო შემთხვევას პაოკის 7 გულშემატკივარი ემსხვერპლა. ბერძენი ქომაგები საფრანგეთში მიემგზავრებოდნენ, სადაც ხუთშაბათს ლიონისა და პაოკის შეხვედრაზე დასწრებას აპირებდნენ. ავტოკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა საბერძნეთიდან მომავალი მიკროავტობუსი გადასწრების შემდეგ საკუთარ ზოლში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ტრაილერს დაეჯახა.

ბერძნული მედიის ცნობით, 7 ახალგაზრდიდან 6 ადგილზე დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანისას. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

ტრაგედიას არაერთი ბერძნული კლუბი გამოეხმაურა, რა თქმა უნდა, სამძიმრის წერილი გაავრცელა პაოკმაც:

,,კიდევ ერთი შავი დღე, კიდევ ერთი ენით აუწერელი ტრაგედია პაოკის ოჯახში. ვუსამძიმრებთ ამ ბიჭების ოჯახებს, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით, რათა ეს ტკივილი შევუმსუბუქოთ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაშავებულებმა საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ასეთი რამ აღარასდროს გამეორდეს.'' - წერია გუნდის განცხადებაში

ლიონისა და პაოკის მატჩი ხუთშაბათს ღამით, საფრანგეთში გაიმართება. 7 ტურის შემდეგ ლიონი 18 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, პაოკი კი 12 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.