რუმინეთის მე-5 ლიგაში გუნდმა, რომელშიც 8 და 10 წლის ბავშვები თამაშობდნენ, 0:21 წააგო
რუმინეთის სელაჟის ოლქის მე-5 ლიგის დასავლეთ ზონაში დაუჯერებელი რამ მოხდა - ვენუს გიურტელეკმა 21:0 დაამარცხა ლარჯიანა რომანაში, რომლის შემადგენლობაშიც 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა ითამაშეს, მათ შორის 11 წლის მეკარემ და მეექვსეკლასელმა გოგონამ.
გამოცემა Sportulsălăjean-მა დეტალურად დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდა მატჩი ასეთ პირობებში. ლარჯიანა რომანაში მეტოქესთან სათამაშოდ სულ რაღაც ცხრა ფეხბურთელით გამოცხადდა, რომელთაგან მხოლოდ სამი იყო ზრდასრული, შემადგენლობის შესავსებად კი ბავშვებს მიმართეს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბავშმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მოედანზე მეექვსეკლასელი გოგონა შევიდა.
როგორ მივიდნენ აქამდე?
ლარჯიანას წარმომადგენლებს მატჩის კვირას ჩატარება სურდათ, რაც თავიდანვე იყო დაგეგმილი, თუმცა ვენუსის მხარემ თამაშის შაბათს გადმოტანა ითხოვა. თამაშის კვირას დატოვების მცდელობაში რომანაშის მერიც კი ჩაერთო, თუმცა მისი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა.
მომხდარის შესახებ ისაუბრა ადრიან პოპმა, რომელიც ლარჯიანა რომანაშის ხელმძღვანელია:
ჩვენ ვთქვით, რომ შაბათს თამაშს ვერ შევძლებდით. ასე რომ, ლარჯიანა მატჩზე ორ ზრდასრულთან და დანარჩენ ბავშვებთან ერთად წავიდა, რომელთა შორისაც მე-6 კლასელი გოგონა იყო. ესენი 2012-2013 წლებში დაბადებულთა ჯგუფის ბავშვები არიან, რომელიც ორი წლის წინ შევქმენი. ანუ, ჩვენი კომუნის ბავშვები. მაგალითად რობერტი, რომელიც მეკარე იყო, 11 წლის მხოლოდ 2027 წლის იანვარში ხდება! შინ დაბრუნებისას პატარამ დაიჩივლა, ვენუსის მოთამაშეები კარში ძალიან ძლიერად ურტყამდნენო.
გუნდის დელეგატის, პაულ ტოდორანის თქმით, ლარჯიანა მატჩზე ამ შემადგენლობით დისციპლინური სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოცხადდა. მისი თქმით, მან ოფიციალურ პირებს თამაშის დაწყებამდე აცნობა, რომ ამ ბავშვებს მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდათ:
ჩვენ უბრალოდ გამოცხადება გვინდოდა, რადგან, პრაქტიკულად, მსაჯებს თამაში საერთოდ არ უნდა დაეწყოთ. მატჩამდე ვუთხარი, რომ მათ ლიცენზიები არ ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი სულ რაღაც 8 წლის იყო. რა ლიცენზიები უნდა ჰქონოდათ, როცა ზოგს დამცავები და ბუცებიც კი არ ეცვა?! ოფიციალური პირების ბრალია, თამაში ასე რომ ჩატარდა. გარდა ამისა, თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, მსაჯმა ჩვენს კარში ორი თერთმეტმეტრიანიც კი დანიშნა!
მომხდარს უკვე გამოეხმაურა სელაჟის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივანი, რომელმაც დაადასტურა, რომ მატჩი წესების უხეში დარღვევით ჩატარდა.