Belive

რონალდუს და ჩაკვეტაძის ყოფილ მწვრთნელთან: მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ "მეცში" დაბრუნდა. სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდში ივარჯიშებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონში. ბელგიური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელმა "სერენი" დატოვა და "მეცში" დაბრუნდა, გუნდში, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ქართველი ამ ორი ქვეყნის რომელიმე სხვა კლუბში კიდევ ერთხელ გაანათხოვრონ. საინტერესოა, რომ რუმინელი ლასლო ბოლონის სახით "მეცს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც წარსულში, კარიერის სტარტზე ლისაბონის "სპორტინგში" კრიშტიანუ რონალდუს თავკაცობდა და სხვა არაერთ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთან უმუშავია, ხოლო 2020 წელს გიორგი ჩაკვეტაძის "გენტსაც" 3 შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. გიორგი მიქაუტაძემ "სერენში" იჯარის წესით ორი სეზონი გაატარა და 57 მატჩში 36 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მნიშვნელოვანია, რომ "სერენი" ბელგიის იუპილერ ლიგაში მისი გოლით დაწინაურდა და მომდევნო წელს პლეი-აუტიდან ქვედა ლიგაში გავარდნასაც სწორედ მიქაუტაძის გოლით გადაურჩა. "მეცში" მიქაუტაძის აქტივს ორი მატჩი მიეკუთვნება, "ლილისა" და "ნიცას" წინააღმდეგ ლიგა 1-ში.

სხვა სტატიები