როგორ ვმართოთ გალაქტიკოსი? - დელ ბოსკეს ნაამბობი
20 წლის წინ, ცნობილი ფრანგული გამოცემაში, სახელწოდებით L’Equipe, ორი ქომაგის საუბარი დაიბეჭდა. "რეალმა ბექჰემიც შეიძინა", - ამბობს ერთი, რაზეც მეგობარი პასუხობს: "კი და გუნდის ავტობუსი მიხაელ შუმახერმა უნდა მართოს".
ასეც იყო. მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესი "რეალის" სათავეში მოექცა (2000), "რეალი" ყოველ ზაფხულს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობდა.
ყველაფერი "რეალში" ლუიშ ფიგუს გადაბარგებით დაიწყო, რაც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ტრანსფერად იქცა. ამას მოჰყვა "ბერნაბეუზე" ზინედინ ზიდანის გამოჩენა და მისი დაუვიწყარი გოლი "ლევერკუზენის" კარში. მომდევნო წელს, "რეალმა" 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი, "ფენომენად" წოდებული რონალდო შეიძინა, 1 წლის შემდეგ კი - დევიდ ბექჰემი.
ამ 4 ფეხბურთელიდან, სამი ოქროს ბურთის მფლობელი გახლდათ. ნუ დავივიწყებთ, რომ 1999 წელს ბექჰემი მე-2 პოზიციაზე გავიდა. ისინი ლეგენდებით სავსე კლუბს შეუეთდნენ - "რეალში" იკერ კასილასი, რობერტო კარლოსი და რაული თამაშობდნენ. შედეგად, ესპანურმა მედიამ პერესის პროექტს "ლოს გალაქტიკოსი" უწოდა.
მსოფლიოში საუკეთესო ვარსკვლავების კრებულმა იმ სიმაღლეებს ვერ მიაღწია, რასაც მისგან ქომაგი ელოდა. ამის მიუხედავად, "ლოს გალაქტიკოსმა" ფეხბურთის თითოეულ ქომაგის გონებაში დაიდო ბინა. მთელი ამ სიდიადის მიღმა, დიდი ულვაშის მატარებელი ესპანელი სპეციალისტი, ვისენტე დელ ბოსკე იდგა - ადამიანი, რომელსაც ეგოთი სავსე ვარსკვლავების მართვა და ტიტულების მოგება ევალებოდა.
რა არის საჭირო გალაქტიკოსის სამართავად?
"სავარჯიშო სესიები ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს", - ამბობს დელ ბოსკე. "ესაა დრო, როდესაც მწვრთნელმა მოთამაშეებში საკუთარი ხედვა უნდა დანერგოს. ბავშვური საქციელი იქნება, თუკი გუნდის ხელმძღვანელი დიდი ფეხბურთელების წინ დადგება და იტყვის: გადით მოედანზე და სიამოვნება მიიღეთო".
ესპანელი სპეციალისტის აზრით, მწვრთნელის როლი ფეხბურთელებზე მუდმივი დაკვირვებაა.
"ფეხბურთელებს ინსტრუქციები უნდა მისცე. მათ არ უნდა აფიქრებინო, რომ მათი ბედი ისეთი ადამიანის ხელშია, რომელსაც სამოქმედო გეგმა არ გააჩნია. ისინი ადამიანის სისუსტეს იოლად ამჩნევენ და შემდეგ, ამას ღიად აფიქსირებენ, ან უფრო ცუდად თამაშს იწყებენ. ეს ყველაფერი კი, პირდაპირ მწვრთნელს ურტყამს", - ამბობს დელ ბოსკე.
"არ ვიცი, ეს საუკეთესო გზაა თუ არა, თუმცა მიმაჩნია, რომ თავი ყველაფრის მცოდნედ არ უნდა წარმოაჩინო. თუმცა ასევე, ფეხბურთელებს სისუსტეც არ უნდა დაანახო. მათ უნდა დააჯერო, თითქოს პროცესს თავად მართავენ, თუმცა ყველაფერი ისე უნდა შეასრულონ, როგორც შენ გსურს".
ეს იმას არ ნიშნავს, რომ დელ ბოსკე თავის ფეხბურთელებს ყურადღებით არ უსმენდა.
"ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, რომ ფეხბურთელებს ადაპტაციაში დავხმარებოდით. როდესაც ზიზუ (ზიდანი) "იუვენტუსიდან" "რეალში" გადმოვიდა, შევიტყვე, რომ მას "იუვეს" ვარჯიშებზე ფიზიკურად მძიმედ ტვირთავდნენ. თუმცა მადრიდში მას სხვა სურათი დახვდა: თითქმის ყოველდღე, ვარჯიშები ბურთთან ერთად მიმდინარეობდა, რაც მისთვის გაცილებით უფრო სასიამოვნო პროცესი გახლდათ.
“იმას არ ვამბობ, რომ ზიდანს მანამდე არასწორად ავარჯიშებდნენ, თუმცა მადრიდში მათ მივეცით საშუალება, სადაც თავს უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობდნენ".
პროცესი იმდენად კომფორტული იყო, რომ სავარჯიშო სესიები შოუდ იქცეოდა ხოლმე, რაც პირველ გუნდთან ერთად მყოფი აკადემიის ფეხბურთელებისთვის უდიდესი ინსპირაცია იყო.
"ცხადია, ამით მეც დიდ სიამოვნებას ვიღებდი და ამიტომაც, ვაკეთებდით იმას, რაც მათ მოსწონდათ".
ესპანელი ხაზგასმით ამბობს, რომ ფეხბურთელები სრულ კონტროლში არ ჰყავდა.
"მათზე საკუთარი თავის მოხვევა საჭირო არ არის. ფეხბურთელების ხასიათს, მათი მახასიათებლებს უნდა გაეცნო და ამაზე იმუშავო", ამბობს იგი. "მწვრთნელი არ უნდა ღელავდეს ისეთი დეტალებით, როგორიცაა როდის გაიღვიძებს ფეხბურთელი, რას შეჭამს და სად ივლის. ეს დროის ფუჭი ფლანგვაა".
მატჩები
"რეალის" მატჩები სპექტაკლს ჰგავდა, თუმცა გუნდის მთავარი ამოცანა გამარჯვება გახლდათ - და ეს დელ ბოსკეს არ დავიწყებია.
"რეალის" ისტორია პენალტის დარტყმას წააგავს. გჯერა, რომ არ ააცილებ, თუმცა არის შანსი, რომ გოლი ვერ გაიტანო. საუკეთესო შემთხვევაში, მწვრთნელი სიმშვიდეს, ნეიტრალურობას ინარჩუნებს და ამ მდგომარეობიდან არ გამოდის. მისი გუნდი იმარჯვებს, თუმცა ამას ექსპრესიულად არ აღნიშნავს. აგებს, თუმცა დაცემას არ გამოხატავს. ნებისმიერმა გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ შენ, როგორც მწვრთნელი, გამარჯვებასა თუ მარცხში სიმშვიდეს უნდა ინარჩუნებდე".
ყველა მწვრთნელს თავისი ფავორიტი ფეხბურთელი ჰყავს. დელ ბოსკესთვის, ასეთები რაული და რობერტო კარლოსი იყვნენ.
"ნახევარდაცვაში გარკვეული პრობლემა გვქონდა, რადგან ზიზუ და რაული ერთნაირ პოზიციებზე თამაშობდნენ. ჩვენს ფორმაციაში 1 ფორვარდი იყო - ფერნანდო მორიენტესი ან რონალდო. შედეგად, თამაში რაულთან და ზიდანთან ერთად გვიწევდა, ხოლო რობერტო კარლოსს კი ტაქტიკური ბალანსის შენარჩუნებაში უდიდესი როლი ჰქონდა შესასრულებელი. ის ისე თამაშობდა, იფიქრებდი, რომ 2 ადამიანის ფუნქციას ასრულებდა".
"ერთხელ კარლოსმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მატჩი ჩაატარა. შემდეგ აეროპორტში წავიდა და ესპანეთისკენ გამოფრინდა, არც სძინებია. მადრიდში დილით ჩამოვიდა და შუადღისას, გუნდთან ერთად ითამაშა. გამაოგნებელი ფიზიკური შესაძლებლობები ჰქონდა.
ფსიქოლოგია
ამბობენ, რომ კარგი მწვრთნელი ფსიქოლოგის როლსაც ითავსებს. როდესაც დელ ბოსკეზე ვსაუბრობთ, ეს მოსაზრება სიმართლის აცდენილი საერთოდ არაა. ერთ დროს, მუშაობა ბავშვებთანაც უწევდა, სადაც ისწავლა, თუ როგორ ემართა ფეხბურთელები ემოციური პრიზმიდან.
დელ ბოსკე გალაქტიკოსის სათავეში იდგა, თუმცა ამბობს, რომ დღევანდელ ვარსკვლავებთან მუშაობა (მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუსთან), მისთვის რთული იქნებოდა. და რამდენად წარმატებული იქნებოდა კრიშტიანუს კარიერა (ფეხბურთელის, რომელმაც 2009-2018 წლებში "რეალში" 450 გოლი გაიტანა) ზიდანთან, ფიგუსთან, ბრაზილიელ რონალდოსთან და ბექჰემთან ერთად რომ ეთამაშა?
"ზუსტად ისეთივე, როგორც კროოსისა და მოდრიჩის გვერდით თამაშისას - წელიწადში 50 გოლს გაიტანდა".