რობერტო კარლოსი: "ფეხბურთი მეც თქვენსავით მენატრება"
3 წლის წინ
ფეხბურთი
5 წთ
წარმოიდგინეთ, რომ რიო-დე-ჟანეიროში ჩახვედით და მაშინვე ქრისტეს ქანდაკება ნახეთ - ჩემთვის, სიბელესზე მისვლა ზუსტად იგივე მნიშვნელობას ატარებდა. ფოტო, რომელიც იქ გადამიღეს, დღესაც სახლში მაქვს. როდესაც ამ ფოტოს ვუყურებ, ვიხსენებ, თუ როგორი დაუჯერებელი ისტორია გადამხდა მადრიდის "რეალში." დღეს ამ გუნდის ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი ვარ, თუმცა სხვა ადამიანების მსგავსად, სამსახურში ვერ დავდივარ. ბოლო 1 თვის განმავლობაში, სახლიდან სულ 2-ჯერ გავედი და ორივეჯერ სუპერმარკეტში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში, სახლში ყოფნით მე კედლებზე გასვლა მინდება. თუმცა ახლა მხოლოდ ამისი გაკეთებაა საჭირო. ორივეჯერ, როდესაც გარეთ გავედი, ქალაქი ვერც ვიცანი. ჩვეულებისამებრ, მადრიდში ხანშიშესული ადამიანები სეირნობენ, ბავშვები დარბიან, ოჯახები და მეგობრები ბარებსა და რესტორნებში სხედან. მადრიდში ყველაფერია, რასაც ინატრებთ: მზე, სპორტი, კულტურა, ღამის ცხოვრება, საჭმელი... კი, განსაკუთრებით საჭმელი! ეს სულ სხვა სამყაროა. თქვენ ხომ იცით, კარგად ცხოვრება რას ნიშნავს? თუმცა ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ქუჩები სრულიად ცარიელია. ასეთი მადრიდი ჯერ არასოდეს მინახავს. ვირუსი ჩემს ოჯახს არ შეხებია, თუმცა ვდარდობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მსხვერპლებად იქცნენ. ზოგიერთ მათგანს ვიცნობდი კიდეც. ალბათ გაიგებდით, ვირუსმა "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, ლორენცო სანსი იმსხვერპლა. სწორედ მან მიმიყვანა გუნდში, ის 76 წლის იყო. მისი გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობდი, თუმცა მას ჯანმრთელობის მხრივ, არაერთი პრობლემა ჰქონდა. ლორენცო პრეზიდენტი იყო, თუმცა უპირველეს ყოვლისა, ის გუნდის უდიდესი გულშემატკივარი იყო.მას "რეალი" უზომოდ უყვარდა. ის გვპატიობდა მარცხს და პირველი იყო, ვინც ჩვენს გამარჯვებას ზეიმობდა. ჩვენს ის მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე გვიყვარდა, ის ჩვენთვის მამასავით იყო.
"რეალში" თამაში ძალიან დიდ წნეხს ნიშნავს: როდესაც "ბერნაბეუზე," 80,000 გულშემატკივარის წინაშე ვითამაშე, ჩემთვის ვიფიქრე: ჰმმ,აქ რას ვაკეთებ? შეცდომა რომ დავუშვა, რა მოხდება? შემეშინდა! თუმცა ამ წნეხს შევეჩვიე. მახსენდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ. უზომოდ ვნერვიულობდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, მოედანზე როდის გავიდოდი. "იუვეს" ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ (1:0). ჩვენ თამაშის ხარისხით კი არა, არამედ მოტივაციით გავიმარჯვეთ - გამარჯვება ჩვენ უფრო გვწყუროდა. შემდეგ სიბელესზე წავედით - ქუჩები ათიათასობით გულშემატკივარით იყო სავსე, მათ თეთრი მაისურები ეცვათ, მღეროდნენ და ზეიმობდნენ. ის ღამე არასოდეს დამავიწყდება.