Belive

რეინიერი - რეალის კრახით დასრულებული €30 მილიონიანი ტრანსფერი

3 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

2019 წლის დეკემბერში, რეინიერ ჟეზუსი ბედნიერი იყო იმ მოცემულობით, რომ ოჯახთან ერთად, მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა: ცნობილი ფაქტია, რომ "რეალი" ბრაზილიელი ტალანტებით აქტიურად ინტერესდება და 17 წლის "ფლამენგოს" ნახევარმცველის პოტენციალი სკაუტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

რეინიერის სატრანფერო ფასი €30 მილიონს შეადგენდა, "რეალს" კი სიჩქარე მართებდა, რადგან 2020 წლის ივლისში მისი ფასი €35 მილიონამდე, 2021 წლის იანვარში კი €70 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. რეინიერით დაინტერესებული "მანჩესტერ სიტიც" გახლდათ და მისი მამა ინგლისშიც იყო ჩასული მოლაპარაკებაზე. "რეალის" გამოჩენამდე კი, მისი უფრო მცირე მასშტაბის კლუბში გაყიდვა იგეგმებოდა: რადარზე "ბორუსია", "აიაქსი" და "ევერტონი" ჩანდნენ.

მარათონში "რეალმა" გაიმარჯვა. ამ დროისთვის, მადრიდულ გრანდს ორი ბრაზილიელი ტალანტი ჰყავდა გაფორმებული: ვინისიუს ჟუნიორი (€45 მილიონი, "ფლამენგოდან", 2017) და როდრიგო (€40 მილიონი, "სანტოსი", 2018). ნათლად ჩანდა, რომ "სამეფო კლუბი" საუკეთესო ბრაზილიელ ტალანტებზე აკეთებდა აქცენტს. შეცდომის დრო აღარ იყო: 2013 წელს, ნეიმარის "ბარსელონასთვის" დათმობა "რეალს" ძვირად დაუჯდა.

რეინიერის შეძენაზე პასუხისმგებელი ჯუნი კალაფატი გახლდათ - ადამიანი, რომელიც დღეს "რეალის" მთავარი სკაუტია და რომელმაც გუნდის წარმატებული ახალგაზრდული პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა. კალაფატს ბრაზილიაში სანდო ხალხი ჰყავს, რომელმაც რეინიერით დაინტერესება ურჩიეს, შემდეგ იყო ოჯახთან შეხვედრები და მადრიდში თამაშის ცდუნება, რომელზე უარის თქმა შეუძლებელი გახლდათ.

ორი მხარე €30 მილიონზე შეთანხმდა, საიდანაც 80% კლუბს, 10% ოჯახს, დანარჩენი 10% კი ფეხბურთელის აგენტს ეკუთვნოდა. რეინიერმა და მისმა ოჯახმა ესპანურის სწავლა და მადრიდში გადასვლის სამზადისი დაიწყეს. გეგმა მიმზიდველი ჩანდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

დაღმასვლა

ყველაფერი COVID-19-ით დაიწყო: ახალგაზრდა ტალანტი "რეალ მადრიდ კასტილიაში" განამწესეს, სადაც ჩინებული სტარტი ჰქონდა: 3 მატჩში, 2 გოლსა და 1 ასისტს მოუყარა თავი, თუმცა პანდემიის გამო, სეგუნდა დივიზიონში მატჩები 3 თვით შეწყდა. როდესაც მატჩები განახლდა, "რეალის" იმდროინდელმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, რეინიერი ძირითად გუნდთან ერთად სავარჯიშოდ იხმო, სადაც ნათელი გახდა, რომ ბრაზილიელი "რეალის" დონეს ვერ აკმაყოფილებდა, თუმცა "კასტილიასთვის" ზედმეტად კარგი იყო. სათამაშო პრაქტიკისთვის, "რეალმა" რეინიერი "დორტმუნდში", 2-წლიანი იჯარით გაუშვა, გერმანული მხარისგან კი €5 მილიონი მიიღო.

სასტარტო სეზონში, გერმანიაში თავი ვერ დაიმკვიდრა: 19 მატჩი და 340 წუთი, ეს კრახი იყო. ტოკიოს ოლიმპიადიდან რეინიერი ოქროს მედლითა და იმედებით დაბრუნდა, თუმცა მომდევნო სეზონშიც, მოედანზე სულ 20-ჯერ გამოჩნდა, ისიც სულ რაღაც 405 წუთის განმავლობაში.

ბრაზილიელს მცდელობა არ შეუწყვეტია: 2022/23 წლების სეზონში, ლა ლიგის ახალწვეულ "ჟირონაში" განათხოვრებას დათანხმდა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის სათამაშო დრო გახლდათ. აქ კი, ტრავმებმა იჩინა თავი. სათამაშო დროის ნაკლებობა, ტრავმებისგან რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში ყოფნა სტატისტიკაზე აისახა: 2 გოლი, 1 ასისტი, 18 მატჩი და 620 წუთი. ეს ნამდვილად არ იყო სცენარის ის განვითარება, რომელიც რეინიერს ესპანეთში გადასვლისას წარმოედგინა.

გასულ წელს, "რეალმა" რეინიერის კიდევ ერთხელ განათხოვრება გადაწყვიტა. კლუბის სურვილი იყო, რომ ახალ გუნდს მისი ხელფასის (€3 მილიონი) მნიშვნელოვანი წილი გადაეხადა, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა. 1 სექტემბერს, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა უკვე იხურებოდა, რეინიერი იტალიურ "ფროსინონეში" გადავიდა და 23 მატჩში, 3 გოლსა და 2 ასისტს მოუყარა თავი. ფროსინონე მე-18 ადგილზე გავიდა და რეინიერს კვლავ ახალი გუნდის ძებნა მოუწია.

ცხადი იყო, რომ გუნდში რეინიერის ადგილი, "რეალის" ნახევარდაცვაში არსებული მძაფრი კონკურენციის ფონზე, არ მოიძებნებოდა. ამას მოწმობდა კარლო ანჩელოტის სიტყვებიც: "ჩემი რეკომენდაციაა, რომ გადავიდეს იქ, სადაც საკუთარ თავს წარმოაჩენს", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

სწორედ ასე აღმოჩნდა "რეალის" სატრანსფერო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი "გრანადაში". ჯერ 22 წლის არის, დასამტკიცებელი ბევრი აქვს. გააგრძელებს ისევ მოგზაურობას თუ იპოვნის საკუთარ თავს? ამ კითხვაზე პასუხს სეზონის ბოლოს შევიტყობთ.

მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით

სხვა სტატიები