Belive

რეალის მაგია და კარლო ანჩელოტი

2 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

ეს გამართლება არ არის, უბრალოდ, მადრიდის რეალიაო - ასე შეაფასა კარლო ანჩელოტის გუნდის მორიგი გამარჯვება ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ. მართლაც ასეა: უკვე შევეჩვიეთ, რომ "რეალის" თამაშისას, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ბოლო წუთამდე არაფერს ნიშნავს და რომ მადრიდელებს მეტოქე გუნდის მწვრთნელის გეგმის ამოტრიალება წამებში შეუძლიათ.

კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ ასეთი ძლიერი გუნდი მას არასოდეს ჰყოლია. იტალიელი სპეციალისტი იმდენად მდიდარი გამოცდილების მქონეა, მას იმდენად დიდ ფეხბურთელებთან უმუშავია, რომ დამაფიქრებელია: რა არის ამ "რეალში" იმდენად განსაკუთრებული, რომ პაპა კარლო ამ დასკვნამდე მისულიყო?

სავარაუდო პასუხი გამარჯვებულის მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ. ჩემპიონთა ლიგა გუნდში მოთამაშე თითქმის ყველა ფეხბურთელს აქვს მოგებული. არიან ისეთებიც, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საკლუბო თასი 5-ჯერ აუწევიათ და ახლა მეექვსესთვის ითამაშებენ. "რეალის" თაობათა ცვლის პროცესი საფეხბურთო წიგნებშია დეტალურად დასაწერი, ახლა მოკლედ ვთქვათ: ვინც ახალბედაა, ის ჯუდ ბელინგემი და ედუარდო კამავინგაა, ვინც გამოცდილი - ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი.

ფლორენტინო პერესის დაბრუნების შემდეგ, ღრმა, დაბალანსებული შემადგენლობის მქონე "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე დომინაციას შეეჩვია და გუნდის თვითრწმენა იოლად შესამჩნევი გახდა: ბოლო წუთებზეც კი, როდესაც "რეალი" აგებს, შეტევაში პანიკურად და ქაოტურად არ გადადის - თითქოსდა, კარლოს შეგირდებმა წინასწარ იციან, რომ გოლს აუცილებლად გაიტანენ. აღელვება ანჩელოტისაც ნაკლებად ეტყობა - წარბს აწევს, დავიდე ანჩელოტისთან სიტყვას გაცვლის, შემადგენლობაში კორექტირებებს შეიტანს და ამასობაში, გოლიც გადის.

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა პერფექციად აქცია - გუნდმა იცის, როგორ იპოვოს ყველაზე რთული ლაბირინთიდან გასასვლელი. თუნდაც "სიტისთან" ბოლო დაპირისპირება რად ღირს: გვარდიოლას გუნდმა გაუსაძლისი, სულისმხუთავი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ მაინც "რეალი" გავიდა შემდეგ ეტაპზე. ცუდად ითამაშეს და არ დაუმსახურებიათო, ვერავინ იტყოდა, არადა "ლოს ბლანკოსმა" მეტოქის კარში უკანასკნელად მე-12 წუთზე დაარტყა.

ასეთი მაგალითი ბევრია. წლების წინ, როდესაც ნეიმარი-მბაპეს "პსჟ" "რეალმა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა, თამაშის შეფასება ესპანელმა ჟურნალისტებმა ხავის სთხოვეს, რომელიც ბრაზს ვერ მალავდა - "რეალს" არ უთამაშია და მაინც 3:1 მოიგოო". ასეთი მაგალითი ბევრია: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2022-ში, "ლივერპულთან", სადაც ტიბო კურტუამ რეკორდული რაოდენობის სეივი შეასრულა და "რეალმა" თასი აღმართა. იურგენ კლოპმა მარცხი ასე შეაფასა: "კარში უფრო მეტი დარტყმა ჩვენ გვქონდა, მაგრამ მთავარი სტატისტიკა "რეალის" მხარესაა. გოლი მათ გაიტანეს, ჩვენ კი - არა".

"რეალი" მოულოდნელია, არაპროგნოზიდებადი და ყველაზე ლეტალური. ჰყავს ლეგენდები, მოულოდნელი გმირები (ხოსელუ, ჩიჩარიტო...) და მოკავშირეები (ჩაქირი, კარიუსი...). როდესაც უტევენ, კონტრშეტევებს იყენებს და "ბაიერნს" 2 მატჩის ჯამში 5:0 ამარცხებს, როდესაც მისგან თავს იცავენ და დაცვაში კიდევ ერთ მცველს ამატებენ, მანამდე ბრწყინვალედ მოთამაშე ნოიერს ბურთი ხელიდან უვარდება და გოლი გადის, ანგარიში თანაბრდება და იმ წუთიდანვე ყველამ იცის, რომ შემდეგ ეტაპზე "რეალი" გავა - ზუსტად ისევე, როგორც "ატლეტიკოსთან" რამოსის გამათანაბრებელი თავურის ან როდრიგოს დუბლის შემდეგ. "რეალთან" მარცხი ხან მწვრთნელს ბრალდება, ხან ფეხბურთელს, ხან ძელს, ხან ამინდს, ხან მინდვრის საფარს, მაგრამ შედეგი უცვლელია და ანრის სიტყვები ამისი ყველაზე ნათლად გამომხატველია: "ეს გამართლება არ არის, უბრალოდ მადრიდის რეალიაო."

სხვა სტატიები