Belive

რატომ ვერ მოხვდა რონალდუ მუნდიალის პლეი-ოფში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში? - სანტუშის პასუხი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, განმარტა, თუ რატომ არ ათამაშა კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ (შვეიცარიასთან) და მეოთხედფინალურ (მაროკოსთან) მატჩებში:

,,ტენ ჰაგის მანჩესტერში ის ცოტას თამაშობდა და ჩემს გადაწყვეტილებაზე ამან იმოქმედა. მისი ფიზიკური მომზადება იდეალური იყო, მაგრამ თამაშის ტემპს ვერ გრძნობდა. სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვეცადეთ, რომ ეს გამოგვესწორებინა. ამაზე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, შემდეგ კი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში ვმუშაობდით. გარდა ამისა, 2022 წლის მეორე ნახევარი მისთვის საშინელი გამოდგა. ყველაფერი იმ უბედურებით დაიწყო, რაც მის ოჯახს დაატყდა, როცა მისი ახალშობილი შვილი გარდაიცვალა.

ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი აღარ გვაქვს, კატარიდან დაბრუნების შემდეგ, მასთან არ მისაუბრია. იმ დილით, როცა ავუხსენი, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა, არასწორად გამიგო. მისი რეაქციის მესმის, რადგან რთული პერიოდი გადაიტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ჩემს ვაჟად და უმცროს ძმად რჩება. როცა ჩემთან დარეკვა მოუნდება, აუცილებლად ვუპასუხებ.'' - ფერნანდუ სანტუში

კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

პორტუგალიელი შვეიცარიასთან მერვედფინალური ეტაპის მოგებულ შეხვედრაში (6:1) სკამიდან 73-ე წუთზე ჩაერთო, მაროკოსთან წაგებულ მატჩში (მეოთხედფინალი, 0:1) კი - 51-ე წუთზე.

სხვა სტატიები