რატომ არ იწყებს სომხეთი საქართველოსთან გასამართი მატჩის ბილეთების გაყიდვას?
სომხეთის ნაკრების საშინაო მატჩი, საქართველოს წინააღმდეგ, ერევანში 20 მარტს გაიმართება, თუმცა ბილეთები ჯერაც არ იყიდება. სომეხ გულშემატკივრებს აქვთ კითხვები დაგვიანების მიზეზებთან დაკავშირებით. მეტიც, საქართველოში საპასუხო მატჩზე, რომელიც 23 მარტს გაიმართება, 50 000-ადგილიანი დინამო არენა სავსე იქნება. სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ არ იყიდება ჯერ კიდევ საქართველოსთან მატჩის ბილეთები და რა ვარიანტები აქვს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს უეფა-ს გადაწყვეტილება სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, სანქციების დაწესების შესახებ. გუნდს ჯარიმები 2024 წლის 14 ნოემბერს, ერთა ლიგის მატჩის შემდეგ დაეკისრა (ფარერის კუნძულებთან - 0:1). ამ მატჩის შემდეგ, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა შემდეგი ჯარიმები გამოაქვეყნა:
• პიროტექნიკის გამოყენება - 20 000 ევროს ჯარიმა და ტრიბუნების ნაწილობრივი დახურვა (500 ადგილი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტრიბუნაზე) უეფას მომდევნო საშინაო მატჩზე (ანუ საქართველოს წინააღმდეგ 20 მარტს)
• ჯარიმა 17500 ევროს ოდენობით ბანერების გამოტანისთვის, რომლებიც არ შეესაბამება უეფას რეგულაციას
• გამოსაცდელი ვადა 2 წელი, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერმა დარღვევამ, შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სერიოზული სანქციები
sportaran.com მატჩზე მაყურებლის დასწრების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს:
"საქართველოს წინააღმდეგ მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, FFA-ს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე სცენარი:
ბილეთების გაყიდვა დაექვემდებაროს შეზღუდვებს - FFA-მ, შეიძლება, შეზღუდოს გაყიდული ბილეთების რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოს სანქციების პირობების დარღვევა.
მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ - უფრო მკაცრი სასჯელის რისკის გათვალისწინებით, ფედერაციამ. შესაძლოა, განიხილოს მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვის ვარიანტი. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება.
ჯერჯერობით მხოლოდ FFA-ს ოფიციალურ ინფორმაციას დაველოდებით. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მატჩი მაინც მაყურებლით ჩატარდება, თუმცა შეზღუდვებით. უახლოეს დღეებში სიტუაცია უფრო ნათელი უნდა გახდეს და მოვლენებს თვალყურს ვადევნებთ".
სომხეთის ნაკრები საქართველოს ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე მიიღებს, რომელიც 14 500-მდე მაყურებელს იტევს.