Belive

რას წერდა პრესა? ვესტ ჰემი 1:4 დინამო

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
“დინამო თბილისი” საბჭოთა კავშირის პერიოდში ევროპის ტოპ გუნდებს შორის მოიაზრებოდა. ამიტომაც საინტერესოა თუ რას წერდნენ დინამოელებზე ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, რას ამბობდნენ ცნობილი ადამიანები. საარქივო მასალებზე დაყრდნობით Live.ge გთავაზობთ რუბრიკას “რას წერდა პრესა?”. აქ თქვენ ნახავთ დინამოელთა ცნობილი თუ უცნობი, წარმატებული თუ წარუმატებელი მატჩების შეფასებას  

თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი

ვესტ ჰემი 1:4 დინამო

ლონდონი "აპტონ პარკი" 1981 წლის 4 მარტი

გოლები: ჩივაძე, გუცაევი, შენგელია (2) კროსი

  ირლანდიური "უოტერფორდის" დამარცხების შემდეგ, დინამოელები თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდნენ, სადაც სხვებთან ერთად ფრენკ ლამპარდის მამაც თამაშობდა. ლონდონელებს "დინამოსთან" შეხვედრამდე ესპანური "კასტილია" და რუმინული "პოლიტექნიკა" ჰყავდათ დამარცხებული.  "აპტონ პარკზე" მატჩს 35 000 ქომაგი დაესწრო, მათ ბრწყინვალედ მოასპარეზე დინამოელები და საყვარელი გუნდის კარში გასული 4 გოლი იხილეს. გავიხსენოთ თუ რას წერდა პრესა ამ მატჩის შესახებ.  

"კომუნისტი"

"დაე ეს გამარჯვება ბოლო ნუ იქნება. ზედმეტია ალბათ, იმაზე ლაპარაკი, რომ ამ წარმატებამ თავბრუ არ დაასხას დინამოელებს, ეს ხომ მთელი რესპუბლიკის, მთელი ქვეყნის საქმეა.."

"პრავდა"

"გუშინ აქ, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს თასების მფლობელთა თასზე გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში  მათ ანგარიშით 4:1 მოუგეს "ვესტ ჰემს", რომელიც ბრიტანეთის კუნძლებზე ერთ-ერთ უძლიერესად ითვლება"

"დეილი ექსპრესი"

"ჭეშმარიტად სპორტული სულისკვეთებით აღტკინებული "აპტონ პარკის" სტადიონი ფეხზე ამდგარი ესალმებოდა საბჭოთა ოსტატებს თბილისიდან, რომლებმაც "ვესტ ჰემს" გაკვეთილი ჩაუტარეს. გეგონებოდათ, დინამოელები ვალსს ასრულებდნენ და მაგიური სვლების ქსელს ქსოვდნენ, რომლებმაც გააცამტვერეს ლონდონელთა ოცნებები შესანიშნავი სამმაგი ტიტულის მოპოვების თაობაზე"

"ტაიმსი"

"გუშინ საღამოს თავის მინდორზე "ვესტ ჰემმა" სეზონის დაწყებიდან პირველი მარცხი განიცადა თბილისის "დინამოსთან" , რომელიც შესაძლოა საუკეთესოა იმ გუნდებს შორის, რომელთა თამაშიც აქ გვინახავს.  ისინი თავიდანვე სწრაფად და მწვავედ თამაშობდნენ, იმის კვალობაზე კი, რაც უფრო ცხადად ჩნდებოდა მათი ოსტატობა, მტკივნეულად ცხადი ხდებოდა, რომ ეს საღამო მაინც ძნელი იქნებოდა "ვესტ ჰემს" საუკეთესოდაც რომ ეთამაშა. ამ შეხვედრამდე "ვესტ ჰემს" "დინამო" მხოლოდ კინოფირზე ჰყავდა ნანახი. ახლა ისინი პირადად შეხვდნენ და თავის კოლექციაში კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი აქვთ. "ვესტ ჰემის" მესვეურმა ჯონ ლაიოლმა სახელიც კი შეარქვა მას - "როგორ უნდა ფეხბურთის თამაში". შესაძლოა ლონდონელთათვის, განსაკუთრებით დაცვისთვის, მტკივნეული იქნება მისი ნახვა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ დამარცხებიდან ბევრი რამ სასარგებლოს შეძენა შეიძლება."

"სანი"

"თბილისელებმა მაღალი ხელოვნება, ორგანიზებულობა აჩვენეს და უკიდურესად საშიშნი იყვნენ მოწინააღმდეგის კართან, ისინი მეტისმეტად ძლიერნი აღმოჩნდნენ მეორე ლიგის ლიდერებისთვის. 4:1 დეფიციტის პირობებში "ვესტ ჰემს" არავიტარი შანსი არ გააჩნია განმეორებით მატჩში მოგებისა. "ჩაქუჩები" რომელთაც შემტევი თამაშისადმი მიდრეკილებამ საშუალება მისცა მთელი 8 ქულით გაესწროთ მეორე ლიგის სხვა გუნდებისათვის და ლიგის თასის ფინალში გასულიყვნენ ამჯერად შთაგონებას მოკლებულნი აღმოჩნდნენ."  

"დეილი მეილი"

"ამ ჩვენთვის საკვირველ მარცხში (გასულ საღამომდე ამ სტადიონზე გამარჯვება მიმდინარე სეზონში მხოლოდ "ლუტონ თაუნმა" შეძლო) "ვესტ ჰემის" დადანაშაულება არ შეიძლება. "დინამოში" ბევრი მაღალი დონის მოთამაშე თამაშობდა, მათი დაბოლოებები იმდენად ეფექტიანი იყო, რომ საწყალ ფილ პარკსს ბურთის ბადიდან გამოღების მეტი არაფერი დარჩენოდა, ტრევორ ბრუკინგიც მთელი ძალით ცდილობდა, ეჯიბრებოდა მოწინააღმდეგეს - დავით ყიფიანს, რომელიც მე-10 ნომრით თამაშობდა. სსრ კავშირის ნაკრების ეს მოთამაშე ისე დასეირნობდა მცველთა წინ თითქოს "ეფერებაო" ბურთს."

"დეილი მირორი"

""ვესტ ჰემის" დიდება გუშინ საპნის ბუშტივით გასკდა, როდესაც მისი ფანატიკური გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ, რადგან მისალმებოდნენ .... თბილისის "დინამოს""

"დეილი სტარი"

"ანგარიშით 4:1 მტკივნეული შეხურების შემდეგ, ორი კვირის შემდეგ, "ჩაქუჩებს" როცა ისინი თბილისში ჩავლენ, თავიანთი სიამაყისა და ქართველი ხალხის ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის გარდა სანუგეშო სხვა არაფერი დარჩებათ. რა კარგებიც არ უნდა იყვნენ "ჩაქუჩები" ინგლისური ფეხბურთის ფარგლებში, მათ გააცნეს სიმძლავრისა და ოსტატობის სრულიად ახალი განზომილებანი."

"დეილი ტელეგრაფი"

"თბილისის "დინამომ" ფეხბურთის დასამახსოვრებელი დემონსტრაცია მოაწყო , თავისთვის უზრუნველყო გოლების დიდი მარაგი და ლონდონელები თითქმის გადაუჭრელი ამოცანის წინააღმდგე დააყენა, რომლის ამოხსნა მათ საქართველოში მოუწევთ.

"მორნინგ სტარი"

"სსრ კავშირის ნაკრების მოთამაშეებმა - დავით ყიფიანმა, რამაზ შენგელიამ და წლის საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ - ვარსკვლავების როლი ითამაშეს წარმოდგენაში, რომლის შემდეგ "ვესტ ჰემი" თოკებზე დაეკიდა"

"ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნი"

"ყიფიანი ანსახიერებს თბილისის გუნდს და მის უზადო, თავისებურ ხასიათს. ახლაც კი, ერთი კვირის შემდეგ, მეხსიერებაში ნათლად ანთია მოგონება შთამაგონებელი თამაშისა, თბილისელებმა რომ გვიჩვენეს. შესაძლოა ამ კლუბმა ვერ გაიმარჯვოს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, იმის მსგავსად როგორც ეს მოხდა შარშანდელ ტურნირში, მაგრამ ორი ასეთი მოგონება ორი სეზონის განმავლობაში, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ფენომენალურ მოვლენას წარმოადგენს."

სხვა სტატიები