Belive

რამაზ სვანაძე: "მთელი საქართველო გაერთიანებულია - ეს ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი მომენტია"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ხვალ გასამართ მეოთხედფინალურ შეხვედრაში რთულ თამაშს ველოდებით. ისრაელს, განსაკუთრებით ასაკობრივი ნაკრებების დონეზე აქვს პროგრესი და ეს შედეგებშიც აისახება. მეტოქეს პატივს ვცემთ და ვფიქრობთ, რომ მარტივი შეხვედრა არ გველოდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ის სულისკვეთება შევინარუნოთ, რომლითაც აქამდე მოვედით, შევინარჩუნოთ, რათა საკუთარი გულშემატკივარი ისევ გავახაროთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის ბოლოა და ბევრი ფეხბურთელი ასეთ მძიმე გრაფიკში თამაშს მიჩვეული არ არის, დამატებითი დასვენების დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგანაც ბოლო მატჩში დაღლილობა აშკარად გვეტყობოდა. ვფიქრობ, ეს დრო საკმაოდ ნაყოფიერად გამოვიყენეთ.

შეთხვევით გუნდი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ვერ მოხვდება, ამის გამო ისრაელის ნაკრები  პატივისცემას იმსახურებს. ვფიქრობ, ჩვენი ბოლო ურთიერთშეხვედრის შემდეგ, რომელიც გორში - 1:2 წავაგეთ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და აქ შეცდომის დაშვების უფლება არცერთ მეტოქეს არ აქვს. შევეცდებით, რომ ბოლო მატჩში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. 

გუნდში დადებითი, პოზიტიური განწყობაა, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან მეოთხედფინალში ვართ. რაც შეეხება ტაქტიკურ ცვლილებებს, ეს ყოველ მატჩში ხდება და ამას მეტოქის ძლიერი მხარეების გათვალისწინებით ვაკეთებთ. შესაძლებელია, ზოგიერთ მომენტში ჩვენი ნაკრები მეორე ნომრად თამაშობდეს, თუმცა ეს იმას ემსახურება, რომ საბოლოო ჯამში ის პოზიტიური შედეგი მივიღოთ, რომელიც ყველას გვახარებს.

ჩვენ ყველა მატჩში გვიწევს იმის დამტკიცება, რომ იქ ყოფნას ვიმსახურებთ სადაც ვართ. მოლოდინები მატჩიდან მატჩამდე იცვლებოდა, დღეს კი სრულიად საქართველო ჩვენი ნაკრების გარშემოა გაერთიანებული და ვთვლი, რომ ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ბედნიერი მომენტია. არამხოლოდ იმიტო, რომ 1/4-ფინალში ვართ, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შესაძლებლობები ყველამ ირწმუნა. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი დაფასდა და მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ, ეს პირველი შეხვედრაა, როცა საქართველო ფავორიტად ითვლება.

ჩვენ ყველა იმ კომპონენტისთვის ვემზადებით, რომელიც ფეხბურთში არსებობს, მათ შორის პენალტებისთვის, დანარჩენს უკვე თამაში გვიჩვენებს. 

ჩვენ შემადგენლობას კონკრეტული მეტოქიდან და ფეხბურთელების მდგომარეობიდან ვარჩევთ. ეს არის გუნდი, რომელშიც ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი გამოკვეთილი კონკრეტული როლი და მთავარია, რომ ყველა მათგანს გათავისებული აქვს, რომ მთავარი ნაკრების წარმატებაა და არა პირადი მე. რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას, ამას ყველანი ერთად ხვალ გავიგებთ.

ვფიქრობ, დღევანდელი მონაცემებით მენტალურად საერთოდ სხვა სიმაღლეზე ვართ, განვლილი ჯგუფური ეტაპი კი დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორია. იმედი მაქვს, ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე თამაშს გამოიწვევს. მთლიანობაში, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგი მომავალი ელოდება", - თქვა რამაზ სვანაძემ.

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები