Belive

რა სარგებელი მოაქვს სუპერ ლიგას? ლივერპულის ხელმძღვანელის წერილი ვირუსულად გავრცელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლივერპული სუპერ ლიგაში მონაწილეობისთვის ემზადება: პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი იმ 12 გუნდში შედის, რომელმაც ევროპის სუპერ თასის შექმნა დააანონსა - ამ მოვლენას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ეპოქის დასასრული, წინ კი ბუნდოვანი, განუსაზღვრელი მომავალია. 18 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის წამყვანმა 12-მა გუნდმა ახალი საფეხბურთო ტურნირის, ევროპის სუპერ ლიგის შექმნა დააანონსა. ცნობილია, რომ მათ რიგებს, დამატებით 3 გუნდი შეუერთდება. ინიციატივას ფიფა-სა და უეფა-სგან სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვა: აღნიშნული გუნდის ფეხბურთელებს სანაკრებო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. ასევე, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდეს - "რეალს," "ჩელსისა" და "სიტის" ტურნირიდან მოკვეთა ემუქრებათ. ამ თემასთან დაკავშირებით, "ლივერპულის" გენერალურმა დირექტორმა, ბილი ჰოგანმა, კლუბის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა. წერილში ჰოგანი გადაწყვეტილების ამხსნელ მიზეზებსა და პოტენციურ სარგებელზე საუბრობს.
ძვირფასო  კოლეგებო,
უკვე შეიტყობდით, რომ ევროპის წამყვანმა კლუბებმა ახალი ტურნირის ორგანიზება გადაწყვიტეს. ევროპის სუპერ ლიგა - ტურნირი, რომელიც კვირის შუაგულში გაიმართება. მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ გარკვეული ინფორმაცია გაგიზიაროთ. ევროპული ფეხბურთის მომავალთან და უეფა-ს მმართველობასთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბებს (ჩვენი ჩათვლით) დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ეჭვები და პრეტენციები. გლობალურმა პანდემიამ ევროპული ფეხბურთის ეკონომიკური მოდელის არასტაბილურობას ხელი უფრო მეტად შეუწყო. შედეგად, მილანთან, არსენალთან, ატლეტიკოსთან, ჩელსისთან, ბარსელონასთან, ინტერთან, იუვენტუსთან, მანჩესტერ სიტისთან, მანჩესტერ იუნაიტედთან, მადრიდის რეალთან და ტოტენჰემთან ერთად სუპერ ლიგა დავაფუძნეთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენ 3 კლუბი დაგვემატება. სუპერ ლიგა ევროპული ფეხბურთის მომავალია. თუკი გვსურს, რომ ჩვენს კლუბს მდგრადი მომავალი ჰქონდეს, რომელიც პროგრესირებასა და ტიტულების მოგებას განაგრძობს, მაშინ ამ პროცესის წევრები უნდა ვიყოთ. ჩვენ არა სიტუაციის გარეთ, არამედ შუაგულში უნდა ვიმყოფებოდეთ. ახალი ტურნირი ჩვენ საგრძნობ ეკონომიკურ ზრდას მოგვიტანს, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატებიდან მიღებული შემოსავალი დაემატება. უეფა-ს ტურნირებისგან განსხვავებით, სუპერ ლიგაზე მონაწილეობის შედეგად გამოვიმუშავებთ 3-ჯერ მეტ თანხას - სუპერ ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საფეხბურთო პირამიდაში ფინანსების განაწილების მნიშვნელოვნად გაზრდაა. ვიცით, რომ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა, თუმცა გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ლივერპულს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. ეს არის ახალი მოგზაურობის დასაწყისი. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი თქვენთან, გულშემატკივრებთან და ყველა ჩართულ მხარესთან ერთად სწორად განვავითაროთ. დროთა განმავლობაში, კიდევ ბევრ ინფორმაციას გაგიზიარებთ. უწყვეტი მხარდაჭერისთვის დიდ მადლობა გიხდით.
აქვე გეტყვით, რომ სუპერ ლიგის დაანონსების შემდეგ, "ლივერპულის" ქომაგებმა ენფილდთან საპროტესტო ბანერები და პლაკატები მიიტანეს. "მშვიდად განისვენე, 1892-2021" - ვკითხულობთ ერთ-ერთ ბანერზე.

სხვა სტატიები