Belive

ქართული დერბი დინამომ მოიგო - ჩემპიონმა სეზონის პირველი 3 ქულა მოიპოვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი საინტერესოდ იწყება. უკვე მეორე ტურში, ქართული დერბი შედგა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ორი ყველაზე წარმატებული კლუბი, ქუთაისის "ტორპედო" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ. პრინციპული მეტოქეების შეხვედრას ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. ტრადიციულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმაშია ერთი თუ მეორე გუნდი, "ტორპედო" - "დინამოს" დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული და ორივე კლუბის ქომაგისთვის სანერვიულო გამოდის. გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი ყოფილა. დაძაბულობა და უხეშობა მოედანზე პირველივე წუთებიდან შესამჩნევი იყო, რასაც მე-15 წუთზე, მასპინძელთა მეკარის, დინო ჰამზიჩის გაძევება მოჰყვა. ეროვნულ ლიგაში გამოცდილი ბოსნიელი გოლკიპერი, რომელიც ახალი გუნდის მაისურით მეორე შეხვედრას ატარებდა, მის პირისპირ აღმოჩენილ მეტოქის ახალგაზრდა თავდამსხმელს, თორნიკე ახვლედიანს აკრძალული ილეთით შეეჯახა და შეხვედრის მთავარი არბიტრის, არსენ ნონიკაშვილისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა. რიცხვობრივ უპირატესობაში აღმოჩენის შემდეგ, ბურთზე კონტროლი დედაქალაქელებმა დააწესეს, ქუთათურებს კი შანსი მეტწილად მეტოქის შეცდომებსა და კონტრშეტევებზე ეძლეოდათ. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, მასპინძელთა ახალწვეულმა ფადი ზიდანმა ბურთი მეტოქის კარის ხარიხას მოარტყა. პირველ ნახევარში, "დინამოს" შემადგენლობიდან ყველაზე აქტიურები გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და თორნიკე ახვლედიანი იყვნენ, რომლებმაც ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი მიიღეს, გამოირჩეოდა გამოცდილი, გიორგი გაბედავაც. შეხვედრაში ანგარიში მეორე ნახევრის სტარტზე გაიხსნა. 48-ე წუთზე, მილან რადინმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, რასაც თორნიკე ახვლედიანი ზუსტი თავური დარტყმით გამოეხმაურა და - 0:2. სტუმრებმა მეორე ნახევარში არსებული დამაჯერებელი უპირატესობა ანგარიშში 70-ე წუთზე ასახეს, როცა ლუკა გაგნიძის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, ზუსტი და ძლიერი თავური დარტყმით მეტოქის კარში საიმონ ბენიომ გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ "დინამოს" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე შეხვედრაში მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად ორივე გუნდის რანდენიმე მცდელობისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და თბილისელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ამ გამარჯვებით, "დინამო თბილისმა" სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა და ჯამში დაგროვილი 4-ით სატურნირო ცხრილში, ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე ამაღლდა. რაც შეეხება "ტორპედოს", მათ ორ ტურში ქულის აღება ვერ შეძლეს და ბოლო, მეათე პოზიციაზე იმყოფებიან. შემდეგ, მესამე ტურში, "დინამო" 9 მარტს, საშინაო კედლებში ითამაშებს და მოსახელე, საჩემპიონო რბოლაში მთავარ კონკურენტ, ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება "ტორპედოს", თამაში მათაც დედაქალაქში მოუწევთ, სადაც მათი მეტოქე "საბურთალო" იქნება. "ტორპედო": "ჰამზიჩი (შოვნაძე, 18) - ქაფიანიძე (შარვაშიძე, 73), მირცხულავა, ტუიჩიბაევი - ტაბატაძე (ინკუმი, 73), რეკიში, მამასახლისი (ძარია, 83), ბუკასი, ნადარაია - სალაკუ, ზიდანი (3-5-2). მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია. "დინამო თბილისი": კვასხვაძე - პაპავა, ბენიო, მონხილი - სპორკსლეიდი (იაშვილი, 92), რადინი, მექვაბიშვილი (კუცია, 85) გაგნიძე - ახვლედიანი (ქარდავა, 72), გაბედავა (კეიტა, 92), მარუშიჩი (კასტრო, 85) (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭელიძე. გოლი: 0:1 თორნიკე ახვლედიანი (48), 0:2 საიმონ ბენიო (70). გაფრთხილება: დინო ჰამზიჩი (წითელი ბარათი, 15), ფადი ზიდანი (91), მეჰდი ბუკასი (94). მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

სხვა სტატიები