პრემიერ ლიგის კლუბები £1.137 მილიარდს დაკარგავენ
4 წლის წინ
ფეხბურთი
8 წთ
მნიშვნელოვანი საკითხები კონფერენციიდან
- პრემიერ ლიგის მესვეურები მიიჩნევდნენ, რომ ხელფასების შემცირება სატელევიზიო ტრანსლირების ხარჯებს შეამცირებს
- იმ შემთხვევაში თუ პრემიერ ლიგა არ განახლდება, კლუბებმა სატელევიზიო მაუწყებლებს £762 მილიონი უნდა დაუბრუნონ
- პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ხელფასების შემცირების ეფექტურობასა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე (NHS) მისი შესაძლო გავლენის შესახებ დასვა კითხვა
-
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია მოლაპარაკებების გაგრძელებით მოხარულია
უფრო ვრცლად, რა მოხდა ვიდეო კონფერენციაზე?
გამართულ ვიდეო კონფერენციას პრემიერ ლიგის ბინადარი ყველა კლუბის წარმომადგენელი დაესწრო. თითოეულ კლუბს უფლება ჰქონდა კონფერენციაზე 3 წევრი წარედგინა. კლუბების უმრავლესობამ კონფერენციაზე კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები წარადგინეს - ჯამში ვიდეო კონფერენციას 50 წარმომადგენელი დაესწრო. პრემიერ ლიგის ფეხბურთელების უმრავლესობამ ერთი კითხვა დასვა: იმ შემთხვევაში თუ ისინი დათანხმდებიან ხელფასების შემცირებას, როგორ განაწილდება თანხა და რას მოხმარდება? პრემიერ ლიგის ზოგიერთი კლუბი გარკვეულ დივიდენტებს იხდის. კლუბები ასევე გასცემენ ბონუსებსა და ანაზღაურებას კლუბში დასაქმებული სხვადასხვა პირების მიმართ - ზოგიერთი კლუბი კი პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ, ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტების ნაწილი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს. მოვლენების სხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, თუ პრემიერ ლიგა ივნისში განახლდება კლუბებს გაცილებით ნაკლები ხარჯის გაწევა მოუწევთ და ნაკლებ ზარალს ნახავენ მაგრამ ჯორდან ჰენდერსონი და ჰარი მაგუაირი უკვე არიან ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნებმა ხელფასების შემცირებაზე თანახმა განაცხადეს, რათა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს დახმარება გაუწიონ.პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებას საკმაო დრო დასჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ინგლისის საფეხბურთო ლიგისა და ნაციონალური ლიგის ამჟამინდელი მდგომარეობა.შექმნილ ვითარებას უკვე გამოეხმაურნენ ყოფილი ფეხბურთელები და სხვადასხვა ცნობილი სახეები. გარი ლინეკერმა, რომელიც საკუთარ ორი თვის ანაზღაურებას ბრიტანეთის წითელ ჯვარს ურიცხავს აღნიშნა, რომ ფეხბურთელებზე ზეწოლა არ უნდა მოახდინონ და მათ დრო უნდა მისცენ. "ყველაფერი მათზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სანამ ფეხბურთელებს გავკიცხავთ, მივცეთ დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მეტი მოთმინება გვმართებს. მჯერა, ფეხბურთელები ხელფასების დაკლებას დათანხმდებიან", - აღნიშნა გარი ლინეკერმა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ხელფასების დაკლების მოთხოვნა გააკრიტიკა. ჯო ბარტონი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ფეხბურთელებს არანაირი ბრალი არ მიუძღით და რომ ბორის ჯონსონის მიერ შეთავაზებული "ჯოგური იმუნიტეტის" სისტემა სისულელეა. ბარტონის მტკიცებით, ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეების ყურადღება რეალური პრობლემის ნაცვლად, სხვა მიმართულებით წარმართოს.
პრემიერ ლიგის TOP 5 მაღალანაზღაურებადი მოთამაშე
ფეხბურთელი | ყოველკვირეული ანაზღაურება |
დავიდ დე ხეა | £375,000 |
რაჰიმ სტერლინგი | £300,000 |
მესუთ იოზილი | £300,000 |
პოლ პოგბა | £290,000 |
კევინ დე ბრუინე | £280,000 |
კლუბების საქციელით უკმაყოფილოა გარი ლინეკერიც, რომელიც მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით კლუბების მფლობელები ფეხბურთელებს ექსტრემალურად რთულ სიტუაციაში აყენებენ. ლინეკერის მტკიცებით, საღ აზრსაა მოკლებული ის გარემოება, რომ ვარსკვლავებს მოუწოდო შინ დარჩენისკენ და შეუნარჩუნო კუთვნილი ანაზღაურება იმ დროს, როდესაც კლუბის მომსახურე პერსონალს 20%-ით უმცირებ ანაზღაურებას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრემიერ ლიგის მესვეურები და კლუბების წარმომადგენლები მორიგ ვიდეო კონფერენციას გამართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კონფერენცია რამდენიმე დღეში შედგება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე უცნობია პრემიერ ლიგის განახლების თარიღიც. პრემიერ ლიგის მესვეურების მიერ გაკეთებულ ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია: "დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ ლიგა მაისის დასაწყისში არ განახლდება. 2019/20 წლების სეზონი განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნებული ვიქნებით უსაფრთხოებაში."