Belive

პირველი მსურველი ევროს შემდეგ: კიეზამ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულში? 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ შესაძლოა კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს და წერს, რომ "არისტოკრატები" იტალიელთა ამომავალი ვარსკვლავის შესაძენად 85 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

ამავე დროს, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა უარს აცხადებს მოლაპარაკებაში ჩართვაზე, რადგან მათ თავიანთი ნიჭიერი ახალგაზრდის დაკარგვა არ სურთ. 23 წლის ტალანტის კონტრაქტზე უფლებებს ამჟამად მშობლიური კლუბი, "ფიორენტინა" ფლობს და "ბიანკონერის" რიგებში ის თავის მეორე სეზონს იჯარის წესით იწყებს, თუმცა ტურინელებს მისი ხელშეკრულების გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ, რაშიც მათ 43 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.
Image: PA
ტომას ტუხელი და მისი კლუბი ახალი სეზონის დაწყებამდე, ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, თავიანთი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავენ და არაერთი დიდი ტრანსფერის განხორციელებას აპირებენ. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება და 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელის დამატებასაც მიმდინარე ზაფხულში შეეცდებიან. სასურველი ფეხბურთელების ნუსხაში ანტუან გრიზმანის სახელი და გვარიც ფიგურირებს, რომელსაც ყველაზე აქტიურად სწორედ "ჩელსის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებულ "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ. ფედერიკო კიეზამ "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე 43 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და იტალიის თასისა და სუპერთასის მოგება მოახერხა. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, აქ ფედერიკოს უკვე 31 მატჩი, 3 გოლი, 5 საგოლე გადაცემა და ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს.

სხვა სტატიები