პენსიაზე გასვლის გეგმა? „მესი ითამაშებს იმდენ ხანს, რამდენიც თავად მოუნდება“
ლიონელ მესის საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ განცხადება გააკეთა. 48 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა იმდენ ხანს ითამაშებს, რამდენსაც თავად ჩათვლის საჭიროდ.
„ის იქამდე ითამაშებს, სადამდეც თავად მოუნდება. ის ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალია. ყველამ ვიცით, ვინ არის ის და არაა გასაკვირი, რომ რიგით მეექვსე მუნდიალზე თამაში სურს. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მესის ეხება, ყოველთვის ერთად განგვიხილავს. არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად გადამეწყვიტა და ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა. მაშინაც კი, როდესაც გარკვეული სირთულეების ფონზე თამაშობდა, გუნდის მთავარი ფიგურა იყო. მას თამაშზე გავლენის მოხდენის განსაკუთრებული უნარი აქვს“. - ლიონელ სკალონი
LIONEL SCALONI, EN EXCLUSIVA CON OLÉ, SOBRE MESSI: "VA A JUGAR HASTA QUE ÉL QUIERA" 😌
— Diario Olé (@DiarioOle) June 2, 2026
▶️ El entrenador de la Selección Argentina habló a solas con Olé en la previa al Mundial 2026 y por el festejo de los 30 años de Olé, y se expresó sobre el lugar del Capitán en la Selección… pic.twitter.com/30eLtB4pcj
„ალბისელესტეს“ თავკაცი სრულად ენდობა თავის ლიდერს და დარწმუნებულია, რომ როდესაც შესაბამისი დრო მოვა, მესი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. სკალონიმ ასევე აღნიშნა, რომ არგენტინელთა ათიანს, წარმატების მიღწევის დაუოკებელი სურვილი დღემდე არ დაუკარგავს, რაშიც მას, მისი გამორჩეული მენტალიტეტი ეხმარება. წლევანდელი მუნდიალის გაფართოებული ფორმატის გამო, მესის სათამაშო დროსთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები გაჩნდა. სკალონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესისთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, ურთიერთპატივისცემასა და მასთან შეთანხმებაზეა დაფუძნებული და არა გარკვეული ტიპის ფიზიკურ შეზღუდვებზე.
ამრიგად, არგენტინის ნაკრებში მიაჩნიათ, რომ მესის მნიშვნელობა მხოლოდ მისი ფიზიკური შესაძლებლობებით არ განისაზღვრება - მოედანზე მისი ლიდერობა, ავტორიტეტი და გავლენა, ხშირად, ისეთივე ღირებულია, როგორც მისი უშუალო სათამაშო ფორმა.
არგენტინა, ამჟამად, ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადის და უახლოეს დღეებში, ჰონდურასისა და ისლანდიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ამის შემდეგ კი, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ოფიციალურ მატჩს, 16 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ ჩაატარებს.