"ოცნება არ არის ამპარტავნება" - ლოთარ მათეუსმა 17 წლის გერმანელი დაიცვა
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა და 1990 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა - ლოთარ მათეუსმა, ბაიერნის 17 წლის ფეხბურთელი - ლენარტ კარლი დაიცვა, რომლის ინტერვიუმაც მსოფლიო მედია მოიცვა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მისი ოცნება მადრიდის რეალში თამაშია.
მათეუსმა ლენარტ კარლის რეალ მადრიდზე გაკეთებული განცხადება შეაფასა. მისი თქმით, 17 წლის ასაკში მიზნების ქონა და საკუთარ თავში რწმენა ამპარტავნება არ არის.
"მეც მინდოდა რეალ მადრიდში თამაში. 1990/91 წლებში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და უცებ რეალ მადრიდმა კარზე დამიკაკუნა. მართალია, მინდოდა წასვლა, მაგრამ მაშინ კონტრაქტი მქონდა, ამიტომ ტრანსფერი ვერ შედგა. მე და რეალს შეთანხმება გვქონდა, მაგრამ ინტერს არ სურდა ჩემი გაშვება მაღალი სატრანსფერო თანხის გამო.
ცხოვრებაში მეც მქონდა ოცნებები: ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა დიდ კლუბში თამაში, ეროვნული ნაკრების წევრი გავმხდარიყავი და მსოფლიო ჩემპიონატის გუნდის წევრი ვყოფილიყავი. რაღაც მომენტში ოცნებები უფრო დიდდება. ოთხი წლის წინ, კარლი ალბათ იტყოდა, რომ სურდა ბუნდესლიგაში, შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში თამაში.
კარლი უბრალოდ ხედავს, რა არის შესაძლებელი. საქმე მხოლოდ სპორტულ ასპექტს არ ეხება. ეს ეხება ახალ, განსხვავებულ და უკეთეს ცხოვრების ხარისხს, უკეთეს ამინდს და მსოფლიოში უდიდეს კლუბს. ხშირად ვხედავთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ბუნდესლიგიდან არა, არამედ იმ ლიგებიდან მოდიან, რომლებიც უფრო დიდ გლობალურ ყურადღებას იპყრობენ." - ლოთარ მათეუსი
ლენარტ კარლი აშაფენბურგის აკადემიის აღზრდილია, რის შემდეგაც ფრანკფურტის აინტრახტისა და ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდებშიც უასპარეზია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2018 წელს როდესაც კარლი 10 წლის იყო მისი რეალ მადრიდის აკადემიაში გადასვლა ძალიან რეალური იყო, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.
ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნის მთავარ გუნდს გასული წლიდან შეუერთდა და 22 შეხვედრაში უკვე მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას მიუნხენურ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.