ოთარ კიტეიშვილის დუბლი და შტურმის გამარჯვება დერბიში
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ქალაქ გრაცის დერბი შედგა. "შტურმმა" "გრაცერი" მიიღო და ანგარიშით 5:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელიც საკლუბო ფეხბურთს შესრულებული დუბლით დაუბრუნდა.
შტურმი 34-ე წუთზე გაზიბეგოვიჩმა დააწინაურა - მან თითქმის 40 მეტრიდან გაიტანა საჯარიმო დარტყმით. 40-ე წუთზე კიტეიშვილმა შტურმის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში ანგარიში 3:0 გახდა, თუმცა 2-წუთიან მონაკვეთში გრაცერმა თამაშის დაძაბვა შეძლო - 56-ე წუთზე, ტაბლოზე ანგარიში უკვე 3:2 იყო. სტუმრებმა შეხვედრა მაინც ვერ გადარჩინეს, ჯერ საკუთარ კარში გაიტანეს, მატჩის საბოლოო შედეგი კი ისევ კიტეიშვილმა დააფიქსირა.
ოთარი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, whoscored-ის მიხედვით კი მისი შეფასება 8.7 ქულა იყო (ყველაზე მაღალი ორივე გუნდის შემადგენლობაში). ქართველს ავსტრიის ბუნდესლიგაში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე გადაცემა შესრულებული.
შტურმი 22 ქულით ჩემპიონატის პირველ ადგილზეა.