"ორი თვე ესპანეთში, ლა მასიაში, ბარსელონას საწვრთნელ ბაზაზე გაატარა" - გიორგი წიტაიშვილი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების და მეცის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ფრანგული გუნდის მედიასთან ისაუბრა და თავის ადრეულ კარიერაზე გაამახვილა ყურადღება.
მამაჩემი ფეხბურთელი იყო, ის ისრაელის კლუბში თამაშობდა და ჩვენ იქ გადავედით როდესაც მე 2 წლის ვიყავი, ამიტომ ისრაელის შესახებ ბევრი მოგონება მაქვს. შემდეგ კვიპროსში ვცხოვრობდით და ფეხბურთის თამაში სწორედ იქ დავიწყე, კარგი დრო იყო, გართობის გარდა არაფერზე ვფიქრობდი.
მშვიდი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ვუსმენდი მშობლებს, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი, მე სხვას არაფერს ვთამაშობდი. ამავდროულად ფეხბურთელების ოჯახში დავიბადე, ამიტომ ეს ყველაფერი ალბათ წინასწარ იყო გაწერილი. ტელევიზორში მულტფილმებს არ ვუყურებდი, პატარა ასაკიდანვე თამაშებზე სიარული დავიწყე. მამაჩემი ძალიან წესიერი ადამიანია და ყოველთვის მეუბნებოდა: კარგ ფეხბურთელობამდე კარგი ადამიანი იყავიო. ის ყველას პატივს სცემდა და მეც იგივეს გაკეთებას ვცდილობ, ჩემი მშობლები დღემდე საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ დედაჩემი და ჩემი და ერთი თვით საფრანგეთში ჩამოვიდნენ.
12 წლის ვიყავი როდესაც კიევის აკადემიაში ჩავირიცხე, მათ ძალიან კარგი სისტემა ჰქონდათ ახალგაზრდების მომზადების მხრივ. უკრაინული ფეხბურთი ძალიან ფიზიკურია, მე კი პატარა და სუსტი ვიყავი, ამიტომ უკრაინაში წასვლა ნამდვილად დამეხმარა წინსვლაში, გაძლიერებასა და ტექნიკის შენარჩუნებაში, ეს ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა. მე უკრაინაში მარტო წავედი, ჩემი მშობლები და ორი უმცროსი და კვიპროსში დარჩნენ, 12 წლის ვიყავი და საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, ეს ადვილი პერიოდი არ იყო. ძალიან ახალგაზრდა ჩავედი უცხო ქვეყანაში და შორს ვიყავი ჩემი საყვარელი ადამიანებისგან, სკოლაში დავდიოდი და ერთი სიტყვაც არ მესმოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. იქ ყველაფერს გავუძელი და ამ პერიოდმა საკმაოდ კარგი გამოცდილება შემძინა.
უკრაინაში ჩასვლამდე ორი თვე ესპანეთში, ლა მასიაში, ბარსელონას საწვრთნელ ბაზაზე გაატარა. იქ ჩემი ოცნება ახდა, პირველი გუნდის რამდენიმე მატჩსაც დავესწარი. იქ ვვარჯიშობდი და ჩემი შენარჩუნებაც სურდათ, მაგრამ ვიზის პრობლემების გამო ყველაფერი დასრულდა, ჩემი ოჯახიც ესპანეთში ვერ გადავიდოდა.
ჩემი პროფესიონალური დებიუტი 17 წლის ასაკში დინამო კიევის შემადგენლობაში შედგა, მას შემდეგ კი უკრაინასთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდით.
მე ვიყავი მეორე ან მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დინამო კიევის შემადგენლობაში დებიუტი შეასრულა. უკრაინის თასის ფინალიდან დავიწყე, შემდეგ კი ევროთასების მატჩებზე გადავედი. ფეხბურთელის ცხოვრება სავსეა აღმავლობით და დაღმავლობით, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. 17 წლიდანვე შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა და არ შემეძლო ჩემი წუხილის ვინმესთვის გაზიარების შესაძლებლობა. ამისდა მიუხედავად უკრაინასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვისწავლე ენა და ეროვნული ნაკრების ყველა ასაკობრივი გუნდი გავიარე, სანამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს არ მოვიგებდი, ეს წარმოუდგენელი მომენტი იყო.
სწორედ უკრაინაში გავიცანი ჩემი მეუღლე, ის ნახევრად უკრაინელია. როდესაც ომი დაიწყო საშინელება იყო.. ქვეყანა დავტოვეთ, სადაც ჩვენი სახლი იყო, იქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ ჩვენი მეგობრები, იმედია სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოგვარდება.
მე ქართველი ვარ, მაგრამ სანამ საქართველოში ვითამაშებდი იქ არასდროს მიცხოვრია, ადვილი ნამდვილად არ იყო. ჩემი ქვეყნისთვის უნდა დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები. ჩემი აგენტი, რომელიც ჩემთვის მეორე მამასავითაა დამარწმუნა, რომ პოლონეთის ჩემპიონატში გადავსულიყავი, უზომოდ მადლიერი ვარ ამით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. სწორედ ამ დროს დავიბრუნე თავდაჯერება, რადგან რთული პერიოდიდან გამოვედი. იმ ადამიანებს მხოლოდ კარგი სურდათ ჩემთვის, ამის შემდეგ გრანადაში ვითამაშე.
საქართველოში თამაში ჩემი გადაწყვეტილება იყო, თუ უკრაინასთან ერთად ვითამაშებდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას დავემშვიდობებოდი, ამიტომ ჩემს ქვეყანაში თამაში ავირჩიე, ეს ჩემი ბაბუას ოცნება იყო. მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მან ჩემი ვერცერთი მატჩი ვერ ნახა. გამიმართლა, რომ ევრო 2024-ზეც ვიასპარეზე, ვილი სანიოლთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან მან იცოდა როგორ ჩამოეყალიბებინა სრულყოფილი გუნდი. შესანიშნავი ტურნირი გვქონდა, მაგრამ უკეთესის მიღწევაც შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა.
სანამ გიორგი აბუაშვილი მეცში გადმოვიდოდა, ის მამაჩემის გუნდში თამაშობდა. აქ ჩამოსვლამდე მას ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ მამაჩემმა მის შესახებ მიამბო, ის თავის ყოფილ გუნდში საუკეთესო იყო. მე მას რჩევას ვაძლევ, რომ მისი ადაპტაცია კარგად წარიმართოს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ცხოვრებაში დიდი გამოცდილება მაქვს. - გიორგი წიტაიშვილი
« 𝘓’𝘈𝘤𝘢𝘥𝘦́𝘮𝘪𝘦 𝘥𝘶 𝘋𝘺𝘯𝘢𝘮𝘰 𝘒𝘪𝘦𝘷 𝘮’𝘢 𝘧𝘰𝘳𝘨𝘦́ 𝘶𝘯 𝘴𝘢𝘤𝘳𝘦́ 𝘤𝘢𝘳𝘢𝘤𝘵𝘦̀𝘳𝘦 ! » 💬
— FC Metz ☨ (@FCMetz) October 4, 2025
🇬🇪 Notre attaquant se dévoile avant la réception de l'@OM_Officiel.