Belive

'ოპერაცია მბაპე' - მადრიდის რეალი სამ ფეხბურთელს შეელევა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური მედია იუწყება, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იქნება. საამისოდ, "სამეფო კლუბს" ფინანსების მობილიზება დასჭირდება, რისთვისაც AS-ის ინფორმაციით, სამი ფეხბურთელის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი. "ოპერაცია მბაპეს" განსახორციელებლად, ზინედინ ზიდანის გუნდი გარეთ ბეილთან, მარსელოსთან და ლუკა იოვიჩთან განშორებას აპირებს. შედეგად, მადრიდელები თავს 135 მილიონ ევროს მოუყრიან. ესპანური მედია იტყობინება, წამსვლელთა სიაში შესაძლოა ისკო ალარკონი, დანი სებალიოსი და ბრაჰიმ დიასიც აღმოჩნდნენ. Transfermarkt-ის თანახმად, მბაპეს სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ევროს შეადგენს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უსრულდება, კლუბის სურვილის მიუხედავად კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ცდილობს. ამრიგად, შესაძლოა, საქმე უფასო ტრანსფერამდეც კი მივიდეს. კონტრაქტის პირობებით 2022 წლის იანვრიდან, დაინტერესებულ მხარეს და ფეხბურთელის წარმომადგენლებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტრანსფერზე შეთანხმების უფლება ეძლევათ. ასე რომ, თუ მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი პარიზელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ დათანხმდება, საფრანგეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობა იძულებული იქნება, ტრანსფერს დათანხმდეს. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მბაპეს "რეალში" გადასვლას კიდევ უფრო რეალურს ხდის. თავდამსხმელის სურვილი ყოველწლიური ანაზღაურების სახით 19 მილიონი ევროს მიღებაა, რის გადახდაზეც პარიზელები ყოყმანობენ, მადრიდელები კი მზადყოფნას აცხადებენ.

მბაპე საფრანგეთის დედაქალაქში 2017 წლის ზაფხულში, "მონაკოდან" გადაბარგდა და 22 წლის ასაკში, მუნდიალის გარდა უკვე მოასწრო 4-ჯერ ლიგა 1-ის, 2-ჯერ საფრანგეთის თასის, 2-ჯერ ლიგის თასის და ამდენჯერვე ქვეყნის თასის მოგება. პარიზელთა მაისურით კილიანმა 144 შეხვედრაში 104 გოლი გაიტანა და 58 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები