ოფიციალურად | აურელიან ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს
მადრიდის "რეალის" 64 წლის იტალიელმა თავკაცმა - კარლო ანჩელოტიმ, ლა ლიგის ბოლო ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სამეფო კლუბს" ნახევარდაცვის ერთ-ერთი ღერძი - აურელიან ჩუამენი ვერ დაეხმარება.
ანჩელოტიმ ასევე განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელის ტრავმა ძალიან სერიოზული ნამდვილად არ არის, თუმცა იგი ზრუნავს მისი ფეხბურთლების მომავალზე, შესაბამისად ჩუამენს ევროპის ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშების საშუალება მისცა.
"ძალიან მიმძიმს იმის დადასტურება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - აურელიან ჩუამენი ვერ დაგვეხმარება.
ჩუამენი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი და მთავარი ფიგურაა. მან ტრავმა "ბაიერნის" წინააღმდეგ მეორე საპასუხო მატჩში მიიღო და მოედანი 69-ე წუთზე დატოვა. მას შემდეგ მას ფეხი აწუხებს, თუმცა სერიოზული არაფერია.
მე მას მივეცი იმის უფლება, რომ ტრავმა მოიშუშოს და ევროპის ჩემპიონატზე მის ნაკრებს დაეხმაროს..." - კარლო ანჩელოტი
შეგახსენებთ, რომ აურელიან ჩუამენმა ტრავმა "ბაიერნის" წინააღმდეგ მეორე მატჩში მიიღო და მოედანი 69-ე წუთზე დატოვა. მას შემდეგ მას კლუბთან ერთად არ უვარჯიშია და რეაბილიტაციის პროცესს ინდივიდუალურად გადის.
ჩუამენმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩი ჩაატარა და საკუთარი კლუბის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, ლონდონში, კერძოდ კი "უემბლიზე" შედგება, სადაც მადრიდის "რეალი" "დორტმუნდს" დაუპირისპირდება.