"ნოტინგემ ფორესტი" გაძლიერებას განაგრძობს: ჩემპიონთა თასის 2-გზის გამარჯვებულმა კლუბმა ინგლისის U21 ნაკრების ნახევარმცველთან კონტრაქტი შეათანხმა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, "ვულვზთან" მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა: მორგან გიბს-უაითის სანაცვლოდ, ინგლისური გუნდი სოლიდურ თანხას ითხოვდა და ერთი შეხედვით, ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო, თუმცა მოულოდნელად, "ნოტინგემ ფორესტმა" £44.5 მილინის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
მიმდინარე წლის ზაფხულში, ტაივო ავონი £18.45 მილიონად შეიძინა, რაც, დღემდე, კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს წარმოადგენს.
ცნობილია, რომ გიბს-უაითი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის და პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, "ნოტინგემ ფორესტის" მე-16 შენაძენი გახდება.
აღსანიშნავია, რომ პოზიციით შემტევ ნახევარმცველს, "ვულვზის" შემადგენლობაში, 88 მატჩში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი, რის გამოც, "ფორესტის" გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში არაერთი სკეპტიკური კომენტარი დაწერეს.
"სიტიმ ჰოლანდი £52 მილიონად შეიძინა", - ვკითხულობთ ერთ-ერთი ქომაგის კომენტარში.