ნიკო კოვაჩი: "გააზრებული თამაშით შეგვწევს ძალა, რომ ბარსელონა გავაგდოთ"
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და 1/4-ფინალური წყვილები უკვე ცნობილია.
ნიკო კოვაჩის გაწვრთნილმა "დორტმუნდმა" საფრანგეთში "ლილის' წინააღმდეგ მძიმე მატჩი ჩაატარა, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა, შესაბამისად, "დორტმუნდი" 1/4-ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
მომავალი მეტოქის შესახებ ნიკო კოვაჩმა მედიასთან ისაუბრა და თავისი გუნდის შანსები შეაფასა.
"ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალია და ვერავისგან მივიღებ იმ არგუმენტს, რომ ბარსელონა მაგარი ფავორიტია.
არ დავივიწყოთ, რომ ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალი ითამაშა, შესაბამისად ჩვენი ჩამოწერა ძალიან სასაცილო და ნაადრევია.
ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მთავარია, რომ ლილის ბარიერი დავძლიეთ, ახლა ბუნდესლიგურ მატჩებზე ვართ კონცენტრირებული და ბარსელონას დროც მოვა.
რთული მეტოქეა, ძალიან მაგარ ფორმაში არიან და მათი მიზანი ყველა შესაძლო ტურნირის მოგებაა, თუმცა მათ ჩვენთან მარტივი ბრძოლა ნამდვილად არ ელით.
ბარსელონას წინააღმდეგ ჩვენი მთავარი იარაღი ბურთის ფლობა იქნება, როდესაც ბურთი გვექნება მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ და უბურთო თამაშში კი თავი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ.
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეები, კარგი სისწრაფეებით, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მოწინააღმდეგეების დასაზიანებლად." - ნიკო კოვაჩი
მეოთხეფინალის პირველი მატჩები 8 და 9 აპრილს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 15 და 16 აპრილსაა ჩანიშნული.
ტურნირის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, ,,ალიანც არენაზე'' გაიმართება.