Belive

მუნდიალი 2022 | სენეგალის ნაკრებს ინგლისთან მატჩის წინ გამოძიება და ჯარიმა ელის

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სენეგალის ნაკრებისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი უკვე წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან აფრიკულმა ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მუნდიალის პლეი-ოფში კვალიფიცირება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მთავარი ვარსკვლავი და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, სადიო მანე ტრავმის გამო ვერ ეხმარება, ალიუ სისეს გუნდმა კატარისა და ეკვადორის წინააღმდეგ გამარჯვებები და ჯგუფიდან გასვლა მაინც შეძლოს.

მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრებს პრობლემები მაინც შეექმნა. საქმე ისაა, რომ FIFA-ს რეგულაციების მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველი მატჩის წინ მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი მედია ცენტრში გასამართ პრესკონფერენციაზე უნდა გამოცხადდნენ, თუმცა მესამე ტურის შეხვედრის წინ, ალიუ სისე ჟურნალისტებთან მარტო გამოცხადდა და 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ იგი საუბრობდა. მიუხედავად ამისა, მათ წინა შეხვედრაში მატჩამდელ პრესკონფერენციაზე კალიდუ კულიბალი წარადგინეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, ისევე, როგორც მსგავსი დარღვევის გამო გერმანიის ნაკრები ესპანეთთან მატჩის წინ, 1 კვირით ადრე, სენეგალიც დაჯარიმდეს.

"ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა დაიწყო საქმე სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ 2022 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტის 44-ე მუხლის, მედიისა და მარკეტინგის რეგულაციების მუხლი 2.7.2 და გუნდის 8.5.3 მუხლის პოტენციური დარღვევის გამო. პოტენციური დარღვევები ეხება სავალდებულო პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა 28 ნოემბერს ეკვადორი-სენეგალის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის წინ", - ნათქვამია FIFA-ს ოფიციალურ განცხადებაში.

სენეგალის ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის 1/8-ფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 4 დეკემბერს, ალ ბაიტის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები