Belive

მუნდიალი 2022 | ისტორიაში პირველად - ბრაზილიის ნაკრების ორი უნიკალური შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატარში მიმდინარე მუნდიალის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ამ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად აღიარებულმა ბრაზილიის ნაკრებმაც მოიპოვა, რომელმაც სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდს 1/8-ფინალურ მატჩში, სტადიონ 974-ზე - 4:1 სძლია.

ამ შეხვედრაში "სელესაომ" გულშემატკივარს ულამაზესი ფეხბურთი შესთავაზა და ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგიც დააფიქსირა.

სამხრეთამერიკელებმა აზიურ ნაკრებთან დაპირისპირებისას 2 უნიკალური მიღწევა დააფიქსირეს, რაც აქამდე არავის უჩვენებია.

კონკრეტულად, ბრაზილიის ნაკრებმა შეძლო და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სძლია. ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრაზილიამ 2010 წლის მუნდიალზე ითამაშა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ ტურნირზე მეტოქეს - 2:1 აჯობა.

ამავე დროს, ბრაზილიელები პირველები არიან, რომლებმაც ერთ კონკრეტულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 26 სხვადასხვა ფეხბურთელი ათამაშეს. ეს უნიკალური მიღწევა იმის დამსახურებაც გახლავთ, რომ 2022 წლამდე 26-კაციანი განაცხადები მთავარ საფეხბურთო ფორუმზე დაშვებული არ იყო, თუმცა ახალი წესის დანერგვის შემდეგ, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ამ კომპონენტშიც პირველი აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორეასთან მატჩში, სატურნირო განაცხადის იმ ერთადერთმა წევრმა, მეკარე ვევერტონმაც ითამაშა, რომელმაც ალისონი მე-80 წუთზე შეცვალა და ამით ის 26-ე ბრაზილიელი გახდა, ვინც ბრაზილიელთაგან 2022 წლის მუნდიალზე მონაწილეობა მიიღო.

ბრაზილიის ნაკრები 1/4-ფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 9 დეკემბერს, “განათლების ქალაქის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები