Belive

მუნდიალი 2022 | ბილეთების პრობლემა - FIFA გულშემატკივარს ატყუებს?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ყატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა სტარტი 20 ნოემბერს აიღო და ორი სათამაშო დღე უკვე გაიმართა.

უჩვეულო სეზონზე მიმდინარე მუნდიალს, დაწყებამდეც კი მილიონობით კრიტიკოსი ჰყავდა, პროცესში კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

ამჯერად, პრობლემას ის გულშემატკივრები წააწყდნენ, რომლებმაც ტურნირის მატჩებზე დასასწრები ბილეთები ვირტუალურად შეიძინეს. საქმე ისაა, რომ ბევრმა მათგანმა სტადიონზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მათი ელექტრონული ბილეთები გამქრალი იყო და სტადიონის დაცვის თანამშრომლებისთვის მათ დამადასტურებლად არაფრის წარდგენა შეეძლოთ. შესაბამისად, ასობით ქომაგი სტადიონს მიღმა დარჩა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, FIFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობს.

"ზოგი გულშემატკივარი ამჟამად აწყდება პრობლემას ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების აპლიკაციასთან დაკავშირებით. 

ფიფა პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს. იმავდროულად, გულშემატკივრებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ წვდომა ონლაინ ბილეთებზე, უნდა შეამოწმონ ელ-ფოსტის ანგარიშები, რომლებიც გამოიყენეს ბილეთების აპლიკაციაში დასარეგისტრირებლად. იმ შემთხვევაში, თუ გულშემატკივრებს არ შეუძლიათ წვდომა მათი ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე, სტადიონების ბილეთების ოფისთან უნდა მივიდნენ, სადაც მათ დახმარებას აღმოუჩენენ. მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს გაგებისთვის, რადგან ვმუშაობთ პრობლემის რაც შეიძლება მალე გამოსწორებაზე", - ნათქვამია FIFA-ს ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულის პარალელურად, FIFA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს ინგლისსა და ირანს შორის (6:2) "ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე" 41 721 გულშემატკივარი დაესწრო, მაშინ როდესაც სტადიონის ტევადობა 40 000-ია, ხოლო ტრიბუნებზე ბევრი თავისუფალი ადგილი დარჩა.

სხვა სტატიები