'მუდამ ჩვენთან ერთად' - პორტუგალია მუნდიალზე დიოგუ ჟოტას ხსოვნას მიაგებს პატივს
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე განსაკუთრებული მისიით წარდგება. გუნდის ნახევარმცველმა, ვიტინიამ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მომავალ კვირას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში, ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური სამაჯურებით გავლენ. ეს ჟესტი მათი ყოფილი თანაგუნდელის, დიოგუ ჟოტას ხსოვნას ეძღვნება.
ეს სამაჯურები გუნდს პირადად პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ გადასცა. მათზე ნაკრების ყველა წევრის სახელია დატანილი, მათ გვერდით კი დიოგუ ჟოტას საპატივცემულოდ თავად გარდაცვლილი ფეხბურთელის სახელი იქნება, რომელიც გასულ წელს, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. ჟოტამ ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, მისი დანაკლისი კი ნაკრებში დღემდე ძალიან მტკივნეულად იგრძნობა.
„ამ სამაჯურის ისტორია მარტივია: როდესაც პრემიერ მინისტრს შევხვდით, მან ეს სიმბოლური საჩუქარი გადმოგვცა. ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამაჯურები მოედანზე გამოსაყენებლად უსაფრთხო ყოფილიყო - მას აქვს ყველა საჭირო სპეციფიკაცია, რათა მატჩის დროს ტარების უფლება მოგვცენ. მასზე თითოეული ჩვენგანის და, რაც მთავარია, დიოგუ ჟოტას სახელი წერია.
პრემიერმა არჩევანი ჩვენ მოგვანდო, გვსურდა თუ არა მისი გამოყენება თამაშის დროს. ჩვენ ეს საჩუქარი უდიდესი სიყვარულით მივიღეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოედანზე სწორედ ამ სამაჯურებით გავალთ.“ - ვიტინია
პორტუგალია მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობას ოთხშაბათს დაიწყებს. ვიტინიასთვის, რომელმაც პარი სენ-ჟერმენთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, დიდ სცენაზე თამაში უცხო არ არის და მან აღნიშნა, რომ მთავარ ოცნებად მსოფლიო ჩემპიონობა აქვს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრები K ჯგუფში გამოვლენ, სადაც კონგოს, უზბეკეთსა და კოლუმბიას დაუპირისპირდებიან.