Belive

მსოფლიოს გრანდების საუკეთესო და ყველაზე ცუდი რეიტინგები (ანალიზი)

5 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "ფიფას" რეიტინგში ცვლილებები მოხდა. ზოგი ნაკრები დაწინაურდა, ზოგიც დაქვეითდა. შემოგთავაზებთ მსოფლიოს გრანდებს, რეიტინგში ახლანდელ პოზიციას, საუკეთესო და ყველაზე ცუდ შედეგებს. 

საფრანგეთის ნაკრები

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამ შედეგის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ფრანგები რეიტინგში პირველ ადგილს იკავებენ. მიმდინარე რეიტინგი: 1-ლი საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (2001 მაისი - 2002 მაისი; 2018 აგვისტო - დღემდე) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 27-ე (2010 სექტემბერი)

ბელგიის ნაკრები

ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ინგლისი დაამარცხეს. საფრანგეთთან ერთად, ბელგიელები მსოფლიო რეიტინგს ლიდერობენ. ოქროს თაობის გამოჩენის შემდეგ, ბელგიური ფეხბურთის პროგრესი დაიწყო. მიმდინარე რეიტინგი: 1-ლი (საფრანგეთთან ერთად) საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (2015 ნოემბერი - 2016 მარტი; 2018 აგვისტო - დღემდე) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 71-ე (2007 ივნისი)

ბრაზილიის ნაკრები

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები 2002 წლის შემდეგ არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია უპირობო ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, თუმცა ბელგიის ნაკრებთან მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. ბოლოს ბრაზილიამ მუნდიალი 2002 წელს მოიგო. მიმდინარე რეიტინგი: 3-ე საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (ამ პოზიციაზე 8-ჯერ იყო დასახელებული) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 22-ე (2013 ივნისი)

ხორვატიის ნაკრები

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები რეიტინგში ამჟამად მეოთხე პოზიციას იკავებენ, თუმცა ეს არ არის მათი საუკეთესო შედეგი. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატებმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს და მთელი მსოფლიო აალაპარაკეს. მიმდინარე რეიტინგი: 4-ე საუკეთესო რეიტინგი: 3-ე (1999) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 125-ე (1994)

ურუგვაის ნაკრები

ურუგვაი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკის ზონიდან მეორე ადგილით გავიდა. უშუალოდ მუნდიალზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეოთხედფინალში მოქმედ ჩემპიონ, საფრანგეთის ნაკრებთან ბრძოლაში დამარცხდა. ურუგვაელები რეიტინგში საპატიო მეხუთე ადგილზე არიან. მიმდინარე რეიტინგი: 5-ე საუკეთესო რეიტინგი: 2-ე (2011 ივლისი) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 55-ე (1998 დეკემბერი)

ინგლისის ნაკრები

ინგლისის ეროვნული ნაკრები გულშემატკივრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოწერეს. საუთგეიტის მომზადებულ გუნდს მერვედ ფინალზე მაღალ შედეგს არ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ინგლისელებმა ბევრისთვის მოულოდნელად, ახალგაზრდული გუნდით ნახევარფინალში გასვლა შეძლეს და საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავეს. მიმდინარე რეიტინგი: 6-ე საუკეთესო რეიტინგი: 3-ე (2012 აგვისტო) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 27-ე (1996 დეკემბერი)

პორტუგალიის ნაკრები

პორტუგალიის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ამ გუნდს ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდნენ. კრიშტიანუ რონალდუს ლიდერობით პორტუგალიელებმა ჯგუფი გადალახეს, თუმა მერვედფინალში ურუგვაის ბარიერი ვერ დაძლიეს და მუნდიალს ნაადრევად დაემშვიდობნენ. მიმდინარე რეიტინგი: 7-ე საუკეთესო რეიტინგი: 3-ე (2010 მაისი - 2010 ივნისი; 2012 ოქტომბერი ; 2014 აპრილი - 2014 ივნისი; 2017 სექტემბერი - 2018 აპრილი) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 43-ე (1998 აგვისტო)

ესპანეთის ნაკრები

ესპანეთის ნაკრები მუნდიალის უპირობო ფავორიტი იყო, თუმცა ყველაზე დიდ იმედგაცრუებად გადაიქცა. "ფურია როხამ" ჯგუფური ეტაპი გადალახა, თუმცა მერვედფინალში რუსეთის ნაკრებთან გამოეთიშა ასპარეზობას. ბევრმა ეს ფაქტი ნაკრებში მომხდარ ცვლილებას დააბრალა, როდესაც მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი დღით ადრე გადადგა თანამდებობიდან, ხოლო მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ფერნანდო იერო დაინიშნა. მიმდინარე რეიტინგი: 9-ე საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (2008 ივლისი - 2009 ივნისი; 2009 ოქტომბერი - 2010 მარტი; 2010 ივლისი - 2011 ივლისი; 2011 ოქტომბერი - 2014 ივლისი) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 25-ე (1998 მარტი)

არგენტინის ნაკრები

არგენტინაც მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა არეულობა არც მათ აკლდათ. ფეხბურთელებს ერთმანეთთან არც ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ კი ერთ-ერთი ლიდერი, მაურო იკარდი მუნდიალის განაცხადში არ შეიყვანა. შედეგად, არგენტინამ ჯგუფური ეტაპი ძლივს გადალახა, მერვედფინალში კი საფრანგეთთან წააგო. მიმდინარე რეიტინგი: 11-ე საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (2007 მარტი; 2007 ოქტომბერი - 2008 ივლისი; 2015 ივლისი - 2015 ოქტომბერი; 2016 აპრილი - 2017 აპრილი) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 24-ე (1996 აგვისტო)

გერმანიის ნაკრები

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული, ნაკრები, რომელსაც წელსაც ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ. გერმანელები სენსაციურად ჯგუფში ჩარჩნენ, თან ბოლო ადგილზე გავიდნენ და სტატისტკა საგრძნობლად გაიუარესეს. ამ წუთისთვის გერმანელები რეიტინგში 12-ე ადგილს იკავებენ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე კი ლიდერები იყვნენ. მიმდინარე რეიტინგი: 12-ე საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (1992 დეკემბერი - 1993 აგვისტო; 1993 დეკემბერი - 1994 მარტი; 1994 ივნისი; 2014 ივნისი - 2015 ივლისი; 2017 ივლისი; 2017 სექტემბერი - 2018 ივნისი) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 22-ე (2006 მარტი)

ჰოლანდიის ნაკრები

"ნარინჯიშფრები" ბოლო პერიოდში მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ არც "ევრო 2016"-ზე უთამაშიათ და არც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. არადა 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჰოლანდიელთა ოქროს თაობა სათანადოდ ვერ შეცვალეს ახალგაზრდებმა. სწორედ ამიტომ, ჩავარდნა ლოგიკურია. მიმდინარე რეიტინგი: 17-ე საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (2011 აგვისტო - 2011 სექტემბერი) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 36-ე (2017 აგვისტო)

იტალიის ნაკრები

იტალიის ნაკრები ჰოლანდიის მსგავსად ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. "სკუადრა აძური" ვერც მიმდინარე "ერთა ლიგაზე" ბრწყინავს, შესაბამისად "ფიფას" რეიტინგში არც ისე სახარბიელო პოზიცია უკავია. მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფში შვედეთთან განცდილმა მარცხმა, ჯანლუიჯი ბუფონს სანაკრებო კარიერა დაასრულებინა. მიმდინარე რეიტინგი: 20-ე საუკეთესო რეიტინგი: 1-ლი (1993 ნოემბერი; 2007 თებერვალი; 2007 აპრილი - 2007 ივნისი; 2007 სექტემბერი) ყველაზე დაბალი რეიტინგი: 21-ე (2018 აგვისტო) როგორც ხედავთ, იტალიის ნაკრები ძალიან ახლოს არის ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის გამეორებასთან.
2020 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. მანამდე კი სავარაუდოდ, რეიტინგი კიდევ რამდენჯერმე შეიცვლება.  

სხვა სტატიები