Belive

მოურინიომ ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,რომას'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მიიჩნევს. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, დიდიე დეშამის გუნდს სუსტი მხარე არ აქვს:
,,თუ თქვენს გუნდში კილიან მბაპე თამაშობს, არმოგება ძალიან რთულია. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც მატჩებს იგებენ და მეტოქეს აშინებენ. კილიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ მესისა და რონალდუს შემდეგ საუკეთესოა. დიდიე დეშამმა იცის, რაც სურს. ისინი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან, მათ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავეს. ვფიქრობ, ფინალამდე ნებისმიერი სტადიიდან გამოვარდნა მათთვის ჩავარდნა იქნება. არ მჯერა, რომ დეშამი კითხულობს ან ისმენს იმას, რასაც ამბობენ, მან, უბრალოდ, იცის, რა უნდა. მას ყველა ფეხბურთელმა პატივი უნდა სცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემადგენლობაში ვერ მოხვდებიან. როცა გუნდში ასეთი დისციპლინა გაქვს და თითოეულმა მოთამაშემ იცის, რას ითხოვს მწვრთნელი, გუნდი უფრო და უფრო ძლიერი ხდება. მათ სუსტ მხარეს ვერ ვხედავ. თუ უნდა დავასახელო ნაკრები, რომელიც ტურნირს მოიგებს, ვიტყვი საფრანგეთს, რადგან მათ ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავთ. საფრანგეთმა ევროპის ჩემპონატი უნდა მოიგოს, თუ ეს ასე არ მოხდება, ტურნირი მათთვის წარუმატებლად ჩაითვლება,'' - მოურინიოს სიტყვებს Sun-ი ციტირებს.
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში მოხვდა, სადაც გერმანიის, პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. დეშამის გუნდი პირველ შეხვედრას 15 ივნისს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.
 

სხვა სტატიები