Belive

მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა ოლიმპიადაზე ითამაშოს - ლივერპული და ეგვიპტის ნაკრები მოლაპარაკებებს ასრულებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სპორტული სამყარო ამჟამად ევროპის გარშემო და უძველესი კონტინენტის ჩემპიონატის გარშემოა გაერთიანებული, უახლოეს პერიოდში პლანეტას კიდევ ერთი დიდი სპორტული ფორუმი - ოლიმპიადა ელის. ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ბევრი ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელიც მიიღებს, მათ შორის ერთ-ერთი კი შესაძლოა მოჰამედ სალაჰი იყოს. საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე ეგვიპტის ნაკრები იქნება, რომელიც საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა და ესპანეთის, არგენტინისა და ავსტრალიის ოლიმპიურ ნაკრებთან დაპირისპირება მოუწევს. "ლივერპულის" შემტევს სურს, რომ ამ საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულებაში თვისი წვლილი შეიტანოს და ეროვნულ გუნდს დაეხმაროს, თუმცა ეს კლუბთან უთანხმოებას იწვევს. ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, აჰმედ მეჯაჰიდმა განაცხადა, რომ მომდევნო 48 საათში უნდა შედგეს მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი მისი ქვეყნის წარმომადგენლებსა და ინგლისურ გრანდს შორის, რის მერეც ყველაფერს ნათელი მოეფინება. გავრცელებული ინფორმაციით, "წითლები" კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათი ფეხბურთელის იაპონიაში წასვლას, რადგან მათი პირველი საზრუნავი თავიანთი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. ეგვიპტის ოლიმპიური ნაკრები უდიდეს სპორტულ ფორუმზე გამოსვლას 22 ივლისს, ესპანეთის წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. რაც შეეხება მერსისაიდულ კლუბს, ისინი სეზონის პირველ მატჩს 14 აგვისტოს, პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ "ნორვიჩ სიტისთან" სტუმრად დაპირისპირებით დაიწყებენ.

სხვა სტატიები