"მიზანი 4 ქულაა, მომდევნო ორ თამაშში ამის გაკეთებას შევეცდებით" - შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი
ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი გერმანია შოტლანდიას დაუპირისპირდა და გერმანელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 5:1 დააამარცხეს. პირველი გოლი მე-10 წუთზე ფლორიან ვირცმა გაიტანა, მეორე მეცხრამეტეზე ჯამალ მუსიალამ, 44-ე წუთზე შოტლანდიელთა მცველმა რაიან პორტეუსმა წითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა, რომელიც კაი ჰავერცმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის 68-ე წუთზე ფულკგრუგმა ანგარიშის სხვაობა 4-მდე გაზარდა, 87-ზე რუდიგერმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო 93 წუთზე ემრე ჩანმა მატჩში საბოლოო წერტილი დასვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა და კაპიტანმა ენდი რობერტსონმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს:
ვფიქრობ, გერმანიამ ყველას აჩვენა, რომ როდესაც საქმე ასეთ მნიშვნელოვან თამაშს ეხება, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან. გერმანია გამორჩეული იყო და წინააღმდეგობის გაწევა რთული აღმოჩნდა.
პირველ ტაიმში ძალიან სწრაფად გავუშვით ორი გოლი, რადგან დაცვაში კარგად არ ვთამაშობდით და ბურთსაც ვერ ვაკონტროლებდით, საბოლოო შედეგით რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ.
ვფიქრობ 10-კაციანი გუნდით მეორე ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი შევძელით, მაგრამ რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს.
მიზანი 4 ქულაა ეს მე თავიდანვე ვთქვი, ამაღამ ვერცერთი ავიღეთ, მაგრამ მომდევნო ორ თამაშში ამის გაკეთებას შევეცდებით. - სტივ კლარკი - შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
პირველ ტაიმში ყველაფერს არასწორად ვაკეთებდით, არ ვიაქტიურეთ, არ ვიყავით აგრესიულები და მათ ბურთთან უფრო ახლოს ყოფნის საშუალებას ვაძლევდით. მეორე ტაიმს რაც შეეხება ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვითამაშეთ რაც შეგვეძლო, რადგან 10 კაცით დავრჩით.
დღევანდელი დღით იმედგაცრუებული ვარ, სწრაფად უნდა გავაანალიზოთ თამაში, რადგან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის სწრაფად შემობრუნებაა საჭირო, ეს იყო იმის მაგალითი, თუ რამდენად რთულია ეს ტურნირი.
მათ ჩინებული მოთამაშეები ჰყავთ. ისინი თამაშს აკონტროლებდნენ. მე არ მგონია, რომ ჩვენი მაქსიმუმი ვითამაშეთ, უნდა მოვიშოროთ დღევანდელი წაგების წნეხი და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ. - ენდი რობერტსონი - შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი
შემდეგ მატჩს შოტლანდიის ეროვნული ნაკრები შვეიცარიის წინააღმდეგ 19 ივნისს გამართავს. გერმანია კი ამავე დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება.