მიქაუტაძის გოლი და ლიონის დასანანი მარცხი | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?
ლიგა 1-ის 32-ე ტურში "ლიონმა" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დათმო. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის (მე-4 ადგილის ჩათვლით), ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე კი მე-7 ადგილს იკავებს - ამის განმაპირობებელი დღეს საკუთარ კედლებში, "ლანსთან" წაგებული თამაშია (1:2).
გიორგი მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა. პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ანგარიშის გახსნა ლანსმა ისე მოახერხა, რომ ლიონის საჯარიმოში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდნენ.
მეორე ტაიმში ლიონი მომენტებსაც ვეღარ ქმნიდა იქამდე, სანამ გიორგი მიქაუტაძემ 79-ე წუთზე თავური დარტყმით არ გაათანაბრა. თითქოს, მასპინძლებისთვის ეს მუხტი უნდა ყოფილიყო და თამაშის მოსაგებად გაეწიათ, მაგრამ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი მიიღეს და ამბიციებიც აქ დასრულდა.
გიორგის საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.2-დან 7.8-დე) შეფასება ჰქონდა. მან ჩემპიონატტში მე-11 გოლი გაიტანა.
ახლა ლიონი საკუთარ თავზე დამოკიდებული ვეღარ იქნება, ოთხეულში მოსახვედრად ფონსეკას გუნდმა მაქსიმალური ქულები უნდა მოაგროვოს ისე, რომ თან კონკურეტებმაც დაკარგონ.