მილანის კაპიტანი გამოჩნდა - ფანები განმარტებებს ელიან
იმ ფონზე, როდესაც მაიკ მენიო ბოლო კვირებში მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - განსაკუთრებით ფრანკო ბარეზის დაკრძალვაზე გამოუცხადებლობისა და დამატებითი შვებულების მოთხოვნის გამო, მილანის ფრანგმა გოლკიპერმა „მილანელოში“ დაბრუნება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე გადაწყვიტა.
„როსონერის“ კაპიტანს სავარჯიშო კომპლექსში 16 აგვისტოს ელოდნენ, თუმცა იგი ბაზაზე შაბათს გამოცხადდა. პარალელურად, კლუბის ქომაგები ამ დაძაბული პერიოდის შესახებ მისგან განმარტებებს კვლავ მოუთმენლად ელიან.
აღსანიშნავია, რომ ფრანგმა კიპერმა „ინსტაგრამზეც“ განაახლა აქტივობა - მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს კლუბთან დაკავშირებული ყველა პოსტი სრულად წაშალა.
პოსტს მენიომ შვებულების ფოტოების სერიაც დაურთო: სამოთხისებურ პეიზაჟებთან, ჰიდროციკლით სეირნობასა და ზვიგენებთან ცურვასთან ერთად, კადრებში კრივსა და შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) ჩატარებული ვარჯიშებიც ჩანს.
რაც ყველაზე საინტერესოა, მილანის გოლკიპერმა „ნასრედინისა და მისი ვირის ამბავიც“ (იგავ-არაკი) გააზიარა, რომლის მთავარი სათქმელიც, გარშემომყოფთა კრიტიკის მიუხედავად, საკუთარი გზით სვლას გულისხმობს: „რაც უნდა გააკეთო ცხოვრებაში, ხალხი მაინც ყოველთვის იპოვის მიზეზს გასაკრიტიკებლად“.
იგი პოსტს უფრო პირადული გზავნილით აგრძელებს: „აკეთეთ ის, რაც სწორი გგონიათ და განაგრძეთ თქვენი გზა. სხვების სიტყვებს ვერ გააკონტროლებთ, მაგრამ თქვენივე არჩევანის გაკონტროლება ნამდვილად შეგიძლიათ“.
ეს სიტყვები, ბუნებრივია, მილანში ყურადღების მიღმა არავის დარჩენია.