Belive

მესის ცრემლების მიზეზი | მისი ოჯახი განცხადებას ავრცელებს და მედიას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

16 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა არგენტინის ნაკრებმა ჩინებული გამარჯვებით დაიწყო. ლეო მესიმ ალჟირს 3 გოლი გაუტანა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა. პირველი გოლის შემდეგ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა, რამაც, ცხადია, კითხვები გააჩინა - მესისგან მსგავს ექსპრესიულობას ნაკლებად ვართ მიჩვეულები.

"ჩემი ცრემლები? რთული დღეები გამოვიარე. მადლობელი ვარ მთელი დელეგაციის, ჩემი თანაგუნდელების - მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ თავი კარგად მეგრძნო“, - თქვა მესიმ, თუმცა დეტალებზე აღარ უსაუბრია.

ახლა კი მისმა ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ მისი მამა, ხორხე მესი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვის.

"გაცნობებთ, რომ ხორხე მესი ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მკურნალობას გადის.

ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, გადის რეაბილიტაციას და მისი მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდება.

ბოლო საათებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის, ჭორებისა და სპეკულაციების ფონზე, ოჯახი გამოხატავს დიდ გულისტკივილსა და უკმაყოფილებას იმ უპატივცემულო და არასენსიტიური დამოკიდებულების გამო, რომლითაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ თუ პირმა ეს წმინდა წყლის პირადი, ოჯახური საკითხი გააშუქა.

ოჯახი ასევე განმარტავს, რომ ხორხეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეალურ და ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ მისი უახლოესი ნათესავები ფლობენ. შესაბამისად, ნებისმიერი ვერსია, განცხადება თუ ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ოჯახისა და მისი ოფიციალური არხებიდან არ მომდინარეობს, არ უნდა ჩაითვალოს სარწმუნოდ ან ჭეშმარიტად.

ასეთ დროს, ყველას მოვუწოდებთ პასუხისმგებლობის, კეთილგონიერებისა და ადამიანობისკენ. ადამიანის ჯანმრთელობა და მისი გარშემომყოფების ემოციური მდგომარეობა არ უნდა გახდეს სპეკულაციების, ასევე მედიის უპასუხისმგებლო ინტერესის საგანი.

ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას მიღებული სითბოს, პატივისცემისა და თანაგრძნობისთვის. ამავდროულად, გთხოვთ, ამ პროცესში სრულად იყოს დაცული ხორხესა და მთელი მისი ოჯახის პირადი სივრცე და კონფიდენციალურობა.

ნებისმიერ მნიშვნელოვან სიახლეს, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახი თავად გაგაცნობთ ოფიციალური არხების მეშვეობით", - აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა სტატიები