Belive

"მენტალური მონსტრები" - რამ განაპირობა ბოდო გლიმტის წარმატება?!

10 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოდო გლიმტი ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონში ულამაზეს ისტორიას წერს, რომელსაც განსაკუთრებულს ის გარემოებაც ხდის, რომ ქალაქ ბოდოს მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ 42.831 ადამიანს შეადგენს.

ბოდოს მოსახლეობა იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ისტორიული კლუბების სტადიონების ტევადობა, მაგრამ ამ ყველაფერს ბოდო გლიმტისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ერთმანეთის მიყოლებით მანჩესტერ სიტი, ატლეტიკო და ინტერი დაემარცხებინა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოეპოვებინა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პატარა კლუბის ამ წარმატების საიდუმლო ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც მთავარი მწვრთნელის მიწვევით კლუბის ფსიქოლოგად მუშაობს - სამხედრომ შეძლო და რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშეები ნამდვილ მენტალურ მონსტრებად აქცია.

როდესაც ბოდო გლიმტის მთავარმა მწვრთნელმა შენიშნა, რომ კლუბის მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დროს, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისგან გამოწვეულ წნეხს ვერ უმკლავდებოდნენ, დასახმარებლად მეგობარსა და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს უხმო.

ამოცანა საკმაოდ მკაფიო იყო - კლუბის ფსიქოლოგად დანიშნულ ყოფილ სამხედროს ფეხბურთელებისთვის ყველანაირი გზით უნდა ეჩვენებინა, როგორია რეალურად ექსტრემალურ წნეხში მოქმედება. როგორც ჩანს მან დავალებას იდეალურად გაართვა თავი, რადგან მას შემდეგ ბოდო გლიმტის გასახდელში უშიშრობისა და დაუმარცხებლობის მენტალიტეტი სუფევს. რაც შეეხება რწმენას - ფეხბურთელებს სწამთ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

მანჩესტერ სიტის, ატლეტიკოსა და ინტერის დამარცხების შემდეგ, ნორვეგიელები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდნენ, სადაც ლისაბონის სპორტინგს დაუპირისპირდებიან. საფეხბურთო მიმომხილველები კი წყვილში ფავორიტად ბოდო გლიმტს ასახელებენ.

სხვა სტატიები