Belive

მბაპე რეალში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ნაკრების სუპერვარსკვლავი მადრიდის "რეალში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 2022/23 წლების სეზონის შემდეგ, ქარიმ ბენზემას 9 ნომერი, მადრიდულ გრანდში ვაკანტური იყო.

მბაპე "პსჟ-ში" 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, საფრანგეთში კი 10 ნომერი აქვს მინიჭებული. ედენ აზარის შემდეგ, 10-ნომრიანი მაისური ლუკა მოდრიჩს ერგო. The Athletic-ის ინფორმაციით, მოდრიჩმა "რეალთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატი ნახევარმცველი კლუბში 2025 წლამდე დარჩება და შესაბამისად, მოდრიჩის მაისური ხელშეუხებელი რჩება.

ცნობილია, რომ "რეალმა" მბაპეს 9-ნომრიანი მაისურები უკვე გაყიდვაში ჩაუშვა. კლუბის განმარტებით, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გულშემატკივრები მაისურს 6 კვირის განმავლობაში ვერ მიიღებენ.

ბენზემა, რომელიც "რეალის" ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილს იკავებს (647 მატჩში 353 გოლი), 9-ნომრიან მაისურს 13 წლის განმავლობაში ატარებდა და მბაპესთვის 9 ნომრის მინიჭება მემკვიდრეობითი სიმბოლიზმის მატარებელია.

9 ნომრით თამაშობდა "რეალის" კიდევ ერთი ლეგენდა: "ფენომენად" წოდებული, ბრაზილიელი რონალდო. ამავე ნომრით ასპარეზობდა ალფრედო დი სტეფანოც.

ცნობილია, რომ "რეალი" კილიან მბაპეს 16 ივლისს, განახლებულ "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარადგენს. ფრანგმა ფორვარდმა "ლოს ბლანკოსთან" კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.

რაულის (7) წასვლამდე, 9 ნომრით "რეალში" კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა. მას შემდეგ, 5 ოქროს ბურთის მფლობელი 7-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.

ცვლილებები რეალში

ჩემპიონთა ლიგის თასის 6-ჯერ აღმართვის შემდეგ, "რეალს" ნაჩო ფერნანდესი გამოემშვიდობა. მის ნაცვლად, 6-ნომრიან მაისურს ედუარდო კამავინგა მოირგებს (6 საფრანგეთის ნაკრებშიც მისი ნომერია). უკვე ლეგენდად ქცეულმა ტონი კროოსმა კი 8 ნომრიანი მაისური საჯაროდ დაუთმო ფედერიკო ვალვერდეს.

14 ნომერი ერგო ორელიენ ჩუამენის, არდა გიულერი და ხესუს ვალეხო კი, შესაბამისად, 15 და 18 ნომრებით ითამაშებენ.

სხვა სტატიები