"მაურო იკარდი ჩვენს გეგმებში არ შედის, ამ ჭორის შესახებ არაფერი გვსმენია" - ინტერის პრეზიდენტი
მილანის ინტერის პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ კლუბში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და იმ პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ამ პერიოდისთვის ყველაზე აქტუალურია. მაროტას ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თავისუფალმა აგენტმა მაურო იკარდიმ ინტერს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა.
ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც კონტრაქტის ვადა ეწურება, ჩალჰანოღლუა, თუმცა მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
დიმარკო ინტერის ნამდვილი ქომაგია, ჩვენ გამოვიყენეთ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია, უახლოეს თვეებში კი შეგვეძლება შეთანხმების კიდევ უფრო მეტი ხნით გაგრძელებაზე ვისაუბროთ, რადგან მან დაადასტურა, რომ გუნდში დარჩენა სურს, ჩვენც გვსურს, რომ ის დარჩეს. - ჯუზეპე მაროტა - ინტერის პრეზიდენტი
ინტერს ბოლო პერიოდში თავდამსხმელების მხრივ დეფიციტი შეექნა, დერბში, მილანის წინააღმდეგ ტრავმირებული იყო ლაუტარო მარტინესი, ხოლო პიო ესპოზიტომ და ბონიმ მცირე სათამაშო დრო მიიღეს. შედეგად ერთადერთი ხელმისაწვდომი თავდამსხმელი მარკუს ტურამი იყო.
ბოლოს, მაროტას კი გავრცელებულ ჭორებზე ჰკითხეს, თითქოს მაურო იკარდის ინტერში დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს:
არ ვიცი, ვის შესთავაზა მან თავი, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი გვსმენია. ეს ფეხბურთელი ინტერისთვის ბევრის მომცემი იყო, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, ის ჩვენს გეგმებში არ შედის. თანაც, ჩვენ არც მეხუთე თავდამსხმელს ვეძებთ. უბრალოდ დამთხვევა იყო, რომ მოთამაშეები გუნდის ერთსა და იმავე რგოლს გამოაკლდნენ, თუმცა გოლების გატანასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს - იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდი ვართ.
კრისტიან კივუ თანამედროვე მწვრთნელია, რომელმაც იცის, როგორ გამოავლინოს ფეხბურთელების მაქსიმალური პოტენციალი. - ჯუზეპე მაროტა - ინტერის პრეზიდენტი
Inter President Beppe Marotta insists they are ‘learning from mistakes’ in the Champions League as they face Feyenoord, and Mauro Icardi is ‘not in our plans, we aren’t looking for a fifth striker.’#Inter #Feyenoord #FeyenoordInter #FEYINT #UCL pic.twitter.com/HCDZiUpNrM
— Football Italia (@footballitalia) November 3, 2026
მაურო იკარდი ბოლოს გალათასარაიში ასპარეზობდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს კი თურქულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად უგუნდოდაა.
არგენტინელი ფორვარდი ინტერში 2013 წელს სამპდორიადან გადავიდა და იტალიურ კლუბში 2019 წლამდე ასპარეზობდა. ნერაძურიში მაურო იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მას ყველა ტურნირის ეგიდით 219 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 124 გოლი გაიტანა, 29 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მილანის ინტერის საუკეთესო ბომბარდირებში მაურო იკარდი მე-8 პოზიციას იკავებს.