Belive

ბოლო წელი ეროვნულ გუნდში - მარტა სანაკრებო კარიერას ასრულებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქალთა ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, მარტამ, სანაკრებო კარიერის დასრულება დააანონსა. 38 წლის თავდამსხმელის თქმით, ის ეროვნულ გუნდს წელს დატოვებს.

,,უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ნაკრებში ჩემი ბოლო წელია. მშვიდად ვარ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელების შემხედვარე, განვითარების დიდი იმედი მაქვს.

თუ ოლიმპიადაზე წავალ, ყოველი წამით ვისიამოვნებ. თუმცა, მიუხედავად იმისა, გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში, ეს ჩემთვის ეროვნულ გუნდში ბოლო წელი იქნება.'' - თქვა მარტამ CNN-თან ინტერვიუში

მარტას, რომელიც 116 გოლით ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, 5 ოლიმპიადაზე აქვს ნათამაშები, რომელთაგან 2004 და 2008 წლებში, ,,სელესაოსთან'' ერთად, ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ის 17 გოლით მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეცაა. მარტა არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი 5 სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა.

ლეგენდარული თავდამსხმელი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 6-ჯერ დაასახელა. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით, 2025 წლიდან ქალთა ფეხბურთში გატანილი საუკეთესო გოლისთვის მოთამაშეები ,,მარტას ჯილდოს'' მიიღებენ.

ბრაზილიელი 2017 წლიდან ,,ორლანდო პრაიდში'' თამაშობს, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლია.

  • ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის C ჯგუფში იაპონიასთან, ნიგერიასთან და ესპანეთთან ერთად იასპარეზებს და პირველ შეხვედრას 25 ივლისს ნიგერიის წინააღმდეგ გამართავს.