მარიო გიოტცე: წერილი ჩემს შვილებს
ძვირფასო ჯოია, ძვირფასო როუმ,
მამიკოს თქვენთვის ამბავი აქვს მოსაყოლი.
როდესაც ამ წერილს ვწერ, თქვენ 1 და 4 წლის ხართ. თქვენი ცხოვრება ძალიან მალე შეიცვლება. ცნობისმოყვარე თვალებით სამყაროს აღმოაჩენთ. იცინებთ და გამოცდით სიახლეებს. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. ალბათ, TikTok-ისა და Instagram-ის მომხმარებლები იქნებით. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ფეხბურთელი ვიყავი, ჩემ შესახებ ბევრს გაიგებთ: სიმართლეს, ნაწილობრივ სიმართლეს, ჭორებსა და აბსოლუტურ ნონსენსს.
ჩემს ამბავს სხვისგან მოისმენთ.
ამის ნაცვლად, მსურს, რომ ნამდვილი ვერსია ჩემგან მოისმინოთ.
პირველ რიგში, გეტყვით, აქ როგორ აღმოჩნდით. ყოველდღე, მადლიერი ვარ იმით, რომ ქვეყნიერებას მოევლინეთ.
როუმ, პირველი შენ დაიბადე, ამიტომ შენით დავიწყოთ.
არასოდეს დამავიწყდება, როდესაც დედაშენი 7 თვის ორსული იყო. მის შესამოწმებლად, ექიმი ჩვენთან, დორტმუნდში გვესტუმრა. ექოსკოპია უნდა ჩაეტარებინა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მოულოდნელად, თქვა: “როგორც ჩანს, თქვენი პატარა კარგად არ არის”.
ვკითხეთ, “რას ნიშნავს, კარგად არ არის”??
“ძალიან დაბალი გულისცემა აქვს. სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ და ახლავე საავადმყოფოში გადავიდეთ”.
თითქოს, გული გამიჩერდა. დიუსელდორფში უნდა გაჩენილიყავი, სადაც ექიმს უკვე კარგად ვიცნობდით და თავს მშვიდად ვგრძნობდით - თუმცა, ამ დროს, სასწრაფოს მანქანა უახლოესი საავადმყოფოსკენ, ქალაქ ვიტენისკენ მიქროდა. მე მანქანით უკან მივყვებოდი და თავს შენგან შორს ვგრძნობდი. 20 წუთის განმავლობაში, ძალიან სწრაფად, სირენებით ვიარეთ, წითელზე გავიარეთ და მოსიგნალე ავტომობილებს შორის გავძვერით.
არსებობს ღამის კოშმარები, ნამდვილი ღამის კოშმარები და არსებობს ეს...
ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, შვილის დაკარგვის შიშის აღწერა წარმოუდგენელია. პანიკაში ვიყავი, ოფლი მდიოდა. ყოველი წამი წუთს, ყოველი წუთი კი საათს დაემსგავსა. ისიც არ ვიცი, მანქანის მართვა როგორ შევძელი, იმიტომ რომ ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ეს იყო: გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, ოღონდ კარგად იყოს.
ღმერთო, გთხოვ!
საავადმყოფოში ძალიან ბევრი ადამიანი გველოდებოდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა. დედაშენს შემოეხვივნენ და ამ დროს, ვიღაცის ხმა გაისმა: "გული ისევ უცემს"! შვებით ისე ამოვისუნთქე, კინაღამ წავიქეცი. მაგრამ ექიმმა თქვა: "ბავშვი უნდა გამოვიყვანოთ"!
ინფექციის შანსი იყო.
საკეისრო კვეთა ჩატარდა და მომდევნო წუთების განმავლობაში, ერთადერთი რაც შემეძლო, ვიჯექი, ველოდი, ვიმედოვნებდი და ვლოცულობდი.
და საბოლოოდ, ამ ქვეყანას 6 კვირით ადრე მოევლინე.
როგორც კი დაგინახე, მივხვდი და გავიაზრე:
ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
ამიერიდან, არაფერი იქნება ისევ ისე.
პატარა პრობლემამ იჩინა თავი. ექიმებმა რეანიმაციაში გადაგიყვანეს, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყავი - ისინი უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ შენი გამოკეთების პროცესი სწორად მიმდინარეობდა. ჩვენ შენთან ვიყავით. ამ დროს, ჩემს კლუბთან, “დორტმუნდთან” ერთად სავარჯიშოდ უნდა წავსულიყავი. 2020 წლის ივნისი იდგა, პანდემიის შუაგული იყო და უსაფრთხოების ზომებს ვიცავდით. საავადმყოფოს თანამშრომელმა ამიხსნა, რომ უნდა ამერჩია: ან სავარჯიშოდ უნდა წავსულიყავი ან საავადმყოფოში დავრჩენილიყავი. ორივე ერთად არ გამოდიოდა.
უნდა ამერჩია: ფეხბურთი ან ოჯახი.
კლუბს დავურეკე და ავუხსენი, რომ სანამ 100%-ით არ გამოჯანმრთელდებოდი, მანამდე "დორტმუნდის" სავარჯიშო მოედანს ვერ დავუბრუნდებოდი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ აღარასოდეს დავბრუნებულვარ.
შენმა დედამ და მე საავადმყოფოში 3 კვირა გავატარეთ. მხოლოდ გვეძინა, ვჭამდით და შენს გვერდით ვიყავით. 2020 წლის 5 ივნისს დაიბადე. ჩემი კონტრაქტი იმავე თვის ბოლოს ამოიწურა. როდესაც სახლში ერთად დავბრუნდით, თავისუფალი აგენტი ვიყავი, სეზონი კი - დასრულებული იყო. არა მგონია, "დორტმუნდში" ამით ბედნიერები ყოფილიყვნენ, მაგრამ ვფიქრობ, გამიგეს. ასეც უნდა ყოფილიყო, ალტერნატივა არ არსებობდა.
პირველ რიგში, მამა ვარ. შემდეგ კი - ფეხბურთელი.
ამის გამო ბოდიშს არასოდეს მოვიხდი.
დღეს ვერავინ შეატყობს, რომ ნაადრევად დაიბადე. იმდენი ენერგია გაქვს, შენმა მამიკომ დილაობით ყავის დალევა დაიწყო იმისთვის, რომ როგორმე გამოფხიზლდეს.
და ჯოია, ჩემო ულამაზესო გოგო.
შენი სახელი იტალიურად ხალისს ნიშნავს. ბევრს იღიმი და ღიმილს ჩვენც გადმოგვცემ. ისე, როგორც ნამდვილ გიოტცეს შეშვენის, სცენაზე შენც ადრიანად გამოხვედი.
მუცლად ყოფნის დროს, ძალიან დაბალი პულსი გქონდა. საბედნიეროდ, ექიმებმა ამის შესახებ უკვე იცოდნენ და ამიტომაც, შენი დაბადება ნაკლებად დრამატული იყო. სასწრაფოს ავტომობილს არ უტარებიხარ. შენ "სულ რაღაც" 4 კვირით ადრე დაიბადე, თუმცა ეს ნაკლებად სტრესული იყო, დედაშენი კი საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაეტანა. როდესაც მას ნახავთ, მაგრად ჩაეხუტეთ.
ჩვენ ამქვეყნად ყველაფერზე მეტად გვიყვარხართ.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას გაიგებთ თქვენი მშობლების შესახებ მომდევნო წლების განმავლობაში, კარგსა თუ ცუდს. მხოლოდ ერთი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი:
ჩვენ. თქვენ. გვიყვარხართ.
"ჰეი, შენ მარიო გიოტცე არ ხარ"?
როდესაც სასეირნოდ დავდივართ, ხანდახან ხალხი მოდის და თქვენც ამას ისმენთ. შეიძლება საერთო ფოტოს გადაღება მთხოვონ, რაც თქვენში კითხვებს იწვევს.
არსებობს მარიო გიოტცეს ორი ვერსია. პირველია მარიო, როგორც ადამიანი. მას თქვენც იცნობთ და მამას ეძახით.
მეორეა ფეხბურთელი მარიო გიოტცე. როდესაც ადამიანები ფოტოს გადაღებას მთხოვენ, მათ ფოტო ფეხბურთელ მარიოსთან სურთ. ეს კი იმიტომ, რომ სტადიონზე მორბენალი მნახეს.
მათთვის, ადამიანი მარიო იმ ფორმით არ არსებობს, როგორც თქვენში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაიგოთ.
და ვინ არის ფეხბურთელი მარიო გიოტცე? როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, რაღაც ეტაპზე არც ვუშვებდი, რომ ეს ჩემი საქმიანობა იქნებოდა. მიყვარდა ეს თამაში და სულ მასზე ვფიქრობდი. როდესაც 18 წლის გავხდი, ჩემპიონატი მშობლიურ კლუბთან ერთად მოვიგე და ყველას ვუყვარდი. ორი წლის შემდეგ, უფრო დიდ კლუბში გადავედი სათამაშოდ - მიუნხენის "ბაიერნში". ყველამ შემიზიზღა. მოღალატეს მიწოდებდნენ. მთელი ცხოვრება დორტმუნდში გავატარე, ახლა კი, უბრალოდ, ახალი მოგზაურობა და ახალი გარშემომყოფები მჭირდებოდა. იმ დროს, ფეხბურთი ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ როდესაც ფეხბურთელ მარიოს რაღაც შეემთხვა, მან გავლენა ადამიან მარიოზეც იქონია.
ყველაზე ცუდია იმაზე საუბარი, თუ რა გავლენა იქონია მან დედაჩემსა და ჩემს ორ ძმაზე. თქვენს ბებოსა და ბიძებზე.
იმის გამო არა, რომ ჩემს ძმებს სკოლაში დაუპირისპირდნენ.
იმის გამო არა, რომ ჩვენს სახლს გარედან პოლიცია იცავდა.
ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენი ოჯახი დორტმუნდში იყო, თუმცა ახლა, დედაჩემს სურდა, რომ ჩემი უმცროსი ძმისთვის სკოლა მიუნხენში ეპოვა - იმისთვის, რომ ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ცოტა ხნის შემდეგ, ჩემმა უფროსმა ძმამ, რომელიც ასევე ფეხბურთს თამაშობდა, კარიერა მიუნხენურ კლუბში გააგრძელა.
ერთ დღესაც, დედაჩემმა თქვა: "მორჩა, ყველანი მიუნხენში გადავდივართ საცხოვრებლად".
ყველაფერი კი ჩემ გამო ხდებოდა.
ერთადერთი, რაც მართლა მსურდა, რაც შეიძლება უმაღლეს დონეზე თამაში იყო. ერთი წლის შემდეგ, გავიტანე გოლი, რომელმაც გერმანიას მსოფლიო ჩემპიონობა მოუპოვა. არ ვიგონებ! იმდენად კარგი ვიყავი, ჩემზე ამბობდნენ, რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი. ელოდნენ, რომ 10 წლის განმავლობაში, სუპერვარსკვლავი ვიქნებოდი.
მე ვიყავი გერმანიის ახალი იმედი.
ახალი მესი (ხომ იცით, ვინც არის?).
თუმცა ეს იყო მძიმე ტვირთი, რომელიც უნდა მეზიდა. თითქოს ყველა მატჩში დომინანტობა მმართებდა, ყოველ კვირა. ჩაგდება არ შეიძლებოდა. გამარჯვება დღეს და ხვალ. და ამისთვის ძალიან ბევრს ვინდომებდი, მართალს გეუბნებით.
მაგრამ ადამიანებს რთული დღეებიც აქვთ. ხანდახან, ტრავმას იღებენ, ხანდახან ცუდად ხდებიან. მაშინაც კი, როდესაც კარგად თამაშობ, შეიძლება შენმა მწვრთნელმა სათამაშო სისტემა შეცვალოს და განზე დარჩე. ახლა რომ წარსულს ვიხსენებ, ჩემს თავთან ძალიან მკაცრი ვიყავი.
ნეტავ უფრო მომთმენიც ვყოფილიყავი.
მაგალითს გეტყვით. 2016 წელს, ცნობილ ინგლისურ კლუბში, "ლივერპულში" გადასვლამდე სულ ცოტა დამაკლდა. კლუბს წვრთნიდა კაცი, რომლის სახელია იურგენ კლოპი.
შეიძლება მისი ფოტოებიც გქონდეთ ნანახი. მაღალი, ფართო ღიმილით, ძალიან სასაცილო. იურგენი "დორტმუნდში" ჩემი მწვრთნელი იყო და ვერც ვიაზრებდი, რამდენად გამიმართლა, რომ ის გვერდით მყავდა. ლივერპულში, სახლში ვესტუმრე, სადაც ჩვენს მეუღლეებთან ერთად, მისაღებ ოთახში დავსხედით. კლოპი განსაკუთრებულია იმით, რომ ის ხედავს მარიოს, როგორც ადამიანს. ფეხბურთზე ბევრი არ გვილაპარაკია. არ უთქვამს ასეთი ფრაზები: "როგორ დაგარწმუნო? რა გსურს?"
კითხვები ზოგადად, ცხოვრებაზე დამისვა და მგონი, ასეთი რამ თქვა: „მარიო, აქ ბევრს ითამაშებ და გაერთობი. ვიცი, რომ ეს შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საოცარი კლუბია. დაფიქრდი ამაზე.”
ძალიან მინდოდა, მისთვის ისევ მეთამაშა.
მაგრამ ასევე, ტიტულების დაუყოვნებლივ მოგება მსურდა. ისეთი მოუთმენელი ვიყავი! "ლივერპულმა ინგლისში მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო "დორტმუნდი" კი მეორე ადგილზე გავიდა გერმანიაში. "დორტმუნდში" სათამაშოდ გადავიდა ანდრე შიურლე - ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. გამახსენდა, თუ როგორი სახალისო იყო, როდესაც "დორტმუნდთან" ერთად, "ბუნდესლიგა" 2-ჯერ მოვიგე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედი. იქნებ ყველაფერი ისევ ისე მომხდარიყო, როგორც ძველ კარგ დღეებში, გესმის?
ამიტომაც დავბრუნდი. და რამდენადაც მიყვარს "დორტმუნდი", იმდენად ვგრძნობ, რომ იურგენთან ერთად განსაკუთრებული მოგზაურობა გამოვტოვე. არ მესმოდა, რომ "ლივერპულში" შესანიშნავი გუნდის შესაქმნელად მას დრო სჭირდებოდა. არადა, ნამდვილად არ იყო საჭირო, რომ მაშინვე ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა. უბრალოდ შორს არ ვიხედებოდი.
მაგრამ დორტმუნდი ჩემთვის მაინც ბევრს ნიშნავს. იგივე გარემოებების გათვალისწინებით, ალბათ ისევ იმავეს გადავწყვეტდი. და მაინც, ყოველთვის ვცდილობ, წინ ვიყურო.
ყველაფერი თქვენი დამსახურებით ხდება. როდესაც დედა 2019 წლის შემოდგომაზე პირველად დაფეხმძიმდა, კლუბის შეცვლაზე ვიყავი ორიენტირებული. სათამაშო დრო არ მქონდა, კონტრაქტი მომდევნო ზაფხულში მეწურებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სხვა კლუბში გადასვლა უფასოდ შემეძლო. პირველად ჩემს ცხოვრებაში, უამრავი შესაძლებლობა მქონდა, სადაც მნიშვნელობა ჩემს სატრანსფერო ღირებულებასა და ჩემი კლუბის მოთხოვნებს აღარ ენიჭებოდა. ამ იდეით ისე ვიყავი შეპყრობილი, რომ როდესაც ჩემი შეძენა იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოინდომა, უარი ვთქვი.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2020-ის მარტში, ჰანსი ფლიკმა დამირეკა.
"ბაიერნში დაბრუნდებოდი"?
რატომაც არა...
შევთანხმდით, რომ ისევ დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს.
შემდეგ გავხდი მამა და როდესაც საავადმყოფოდან სახლში დავბრუნდი, პირველად ჩემს სიცოცხლეში, უკლუბოდ ვიყავი. ორშაბათს დილით წასასვლელი არსად მქონდა. არც თამაში, არც მიზანი, არც თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც სიცილი შემეძლო. მე ვიყავი სრულ განაკვეთზე მომუშავე მამა, რაც საოცარი პროცესი იყო, თუმცა ასევე.... სხვანაირი. ვიჯექი დივანზე და მქონდა იმედი, რომ ტელეფონის ზარს გავიგებდი. "ბაიერნმა" 3 ტიტული მოიგო, მე კი ველოდებოდი, ველოდებოდი და ველოდებოდი... ჰანსის კიდევ რამდენჯერმე ვესაუბრე, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი გამოვიდა.
მოულოდნელად, დადგა ოქტომბერი. ახლოვდებოდა ევროტურნირებზე დასარეგისტრირებელი ფეხბურთელების დედლაინი.
29 წლის ვიყავი. მყავდა შვილი და ოჯახი.
არ მქონდა სამსახური.
არ მქონდა შემოსავალი.
ვნერვიულობდი.
ვიცოდი, რომ კლუბს ვიპოვიდი, მაგრამ, ხომ გესმის... კარგი რა! მე ხომ "დორტმუნდსა" და "ბაიერნში" ვთამაშობდი, გერმანიის ორ უდიდეს კლუბში. რამდენიმე თვის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და "ბაიერნიდან" მირეკავდნენ.
ახლა კი... სიჩუმე.
როგორ შეიძლებოდა, რომ ეს მომხდარიყო??
გადავწყვიტე, ბოლო ზარი განმეხორციელებინა და როჯერ შმიდტს დავურეკე. ახლა რომ ვუკვირდები, მან არ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის არამარტო ჩემი კარიერისთვის, არამედ, ასევე, როგორც ადამიანი. საჭირო დროს, საჭირო ადგილას იყო. ნიდერლანდურ კლუბს, "პსვ ეინდჰოვენს" წვრთნიდა და ერთმანეთს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეკონტაქტებოდით. ახალი სეზონისთვის სამზადისი მიმდინარეობდა და ვკითხე, სურდა თუ არა ჩემი დამატება ზუსტად იმ დღეს. საბედნიეროდ, დამთანხმდა. ვითამაშებდი დიდი კლუბის მაისურით, გერმანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, დიუსელდორფთან ახლოს. შესანიშნავი იყო.
მაგრამ რა იქნებოდა, როჯერს უარი რომ ეთქვა?
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კლუბიდან კლუბში გადასვლით არაფერი გამოვიდოდა. მჭირდებოდა გეგმა. ფეხბურთის გარდა, რაღაც სხვაც უნდა მეკეთებინა.
ერთ დღეს, საწოლიდან ავდექი, კალენდარი შევამოწმე და ვხედავ, რომ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში კი არა, მარადიულად. არც კარიერა, არც ტურნირები, არც შემოსავალი. მე მიწოდებენ ყოფილ ფეხბურთელს, მაგრამ კვლავ ვიქნები მეუღლე და მამა. მეორე ცხოვრებისთვის უნდა მოვმზადებულიყავი და თითქოსდა მარტივია, რომ ამაზე არ იფიქრო, რადგან ჩვენ, სპორტსმენები, ყოველთვის მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. მერე კი, უცებ ყველაფერი სრულდება.
ალბათ გგონია, რომ ამ რთული ტრანზიციის პროცესში, რაიმე დახმარებას ვიღებთ, ასეა?
არადა, ასე არ ხდება.
არავინ გვეუბნება, თუ როგორ განვკარგოთ ფინანსები. როგორ დავაგროვოთ, როგორ განვახორციელოთ ინვესტიცია. მთავარია, ვითამაშოთ, სხვა არაფერი ედარდებათ.
"ფეხბურთელია, კარგად იქნება".
ცხადია, გაგვიმართლა, ბევრს გამოვიმუშავებთ. ადამიანთა უმრავლესობა ჩვენს საქმიანობაზე ნატრობს. მაგრამ ჩვენ ხომ ისევ ადამიანები ვრჩებით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენია ჩვენი ანაზღაურება - კარიერის დასრულების პროცესი მენტალურად უნდა გავიაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთის დასრულების შემდეგ, ჩვენი იდენტობის დიდ ნაწილს ვკარგავთ.
დღეს მარიო გიოტცე ვარ, ფეხბურთელი. როდესაც ფეხბურთს არ ვითამაშებ, ვინ ვიქნები?
შემდეგ ჯერზე, როდესაც ნახავთ კლუბში "უბრალოდ 1 წლით" გადაბარგებულ ფეხბურთელს, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ამას ფეხბურთის სიყვარულით აკეთებს? თუ განზე გადგომის შიში ამოძრავებს?
ერთი ძალიან კარგი ტიპი არსებობს, დირკ ნოვიცკი. პირველი გერმანელი და პირველი ევროპელია, რომელმაც NBA-ში MPV-ის წოდება მოიპოვა. კალათბურთს 40 წლამდე თამაშობდა. კოჭზე ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და ტერფი ძალიან სტკიოდა, მაგრამ თამაშს კვლავ აგრძელებდა. ცხადია, კალათბურთი მაგრად უყვარდა, მაგრამ ახლა, 46 წლის არის და გადაადგილება უჭირს. ერთხელ, ერთმანეთს ფრანკფურტში შევხვდით და მითხრა: "მარიო, კარიერა 5 წლით ადრე უნდა დამესრულებინა".
სპორტში 5 წელიწადი ძალიან ბევრს ნიშნავს.
დევიდ ბექჰემი გაგიგიათ ხომ? ცოტა ხნის წინ, პარიზში ვნახე. მითხრა: "ყველაფერი მენატრება, რაც ფეხბურთს უკავშირდება. მინდა, რომ ის დღეები დაბრუნდეს".
იმ დღესვე, როდესაც ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, მაიამიში გაფრინდა და საფეხბურთო კლუბი დააარსა. "სვლა უნდა გამეგრძელებინა", - ასე თქვა. მას სჭირდებოდა მიზეზი, რომ დილით გაღვიძებისას, ფეხზე ამდგარიყო, რაღაც ისეთი, რაც მას ახალი იდენტობის შექმნაში დაეხმარებოდა.
მეც წინ უნდა ვიარო. როდესაც "ეინდჰოვენთან" კონტრაქტი გავაფორმე, დავიწყე შესწავლა, თუ როგორ იწყებენ ბიზნესს ამერიკელი ყოფილი სპორტსმენები. დღეს ჩვენ საოჯახო ოფისი გვაქვს და ჩვენი მომავლის დასაცავად, ინვესტიციები განვახორციელე.
მარიო გიოტცე, ინვესტორი.
ეს ჩემი მეორე ცხოვრება იქნება.
არ მინდა, რომ მხოლოდ იმ ადამიანად მიცნობდნენ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ის გოლი გაიტანა. მასთან დაკავშირებით, კითხვებს დღემდე მისვამენ და მესმის, რატომაც. საოცარი მომენტი იყო, მაგრამ ეს უბრალოდ, ჩემი ცხოვრების წიგნში ერთ-ერთი თავია.
როდესაც მეკითხებიან, იყო თუ არა ის ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი, უბრალოდ, მეღიმება. არსებობს გაცილებით მეტი რამ, რისი მიღწევაც მინდა.
იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილს უფრო მარტივად გაიგებთ.
დღესაც ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ საზღვარგარეთ ჩემი პირველი გამოცდილების შემდეგ, ახლა ფრანკფურტში ვარ, ბუნდესლიგაში დავბრუნდი. ლიგა, სადაც შემიყვარეს და შემიძულეს, სადაც ასე სწრაფად გავიზარდე და თავი დიდი ზეწოლის ქვეშ მოვაქციე. სხვა მსოფლიო ჩემპიონატზეც მითამაშია. მაგრამ მე ახლა სხვა პოზიციაზე ვარ. ვცდილობ, დავეხმარო ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ვიყო მათი მეგზური მოედანზე და მის გარეთ. და მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი, ფრანკფურტი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი გახდა. არა მხოლოდ ამ კლუბისა და მისი გულშემატკივრების გამო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ორს აქ პირველი რეალური მოგონებები გაქვთ. ეს ის ადგილია, სადაც შენ, როუმ, სტადიონზე მგულშემატკივრობ და თამაშების შემდეგ მოედანზე დარბიხარ. სწორედ აქ დაიბადე შენ, ჯოია და ჩვენი პატარა ოჯახი სრულყოფილი გახადე.
ეს ჩემი ამბავია. შემიძლია, გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი გითხრათ. უბრალოდ, მკითხეთ. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები და ყოველთვის ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს.
პირველ რიგში, მამა ვარ. შემდეგ კი - ფეხბურთელი.
თუ რომელიმე თქვენი მეგობარი იკითხავს ჩემზე, შეგიძლიათ უთხრათ, რომ რამდენიმე კარგი და ცუდი პერიოდი მქონდა და ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო? რა თქმა უნდა. მაგრამ ცხოვრება სრულყოფილი არ არის. ჩემი ოცნებით ვიცხოვრე და გზად ბევრი სიამოვნება მივიღე.
და საბოლოოდ, მადლობელი ვარ. მაქვს ყველაფერი რასაც კი ოდესმე ვინატრებდი.
მყავს ორი ლამაზი შვილი და საოცარი ცოლი. ჯანმრთელი ვარ, საოცარ კლუბში ვთამაშობ და იმაზე მეტად ვერთობი, ვიდრე ოდესმე, რადგან ახლა, როცა მამა გავხდი, ვხვდები, რა არის ფეხბურთი. ეს არის თამაში. ჩემი ცხოვრების მცირე ნაწილია. კარგი მატჩი თუ არ მექნება, თქვენ მაინც იქ იქნებით. თუ სახლში შუბლზე ჭრილობით მოვედი (რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა), არ გაინტერესებთ, რადგან ლეგოს თამაში გინდათ. და მეც მავიწყდება ჭრილობა, რადგან იმ მომენტში, თქვენთან ერთად ლეგოს თამაშს არაფერი მირჩევნია.
ადრე, ჩემი ტელეფონი სავსე იყო საფეხბურთო მიმოხილვებით. ახლა მხოლოდ თქვენი ფოტოები მაქვს.
ერთ დღესაც, იმედი მაქვს, მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა გაქვთ ჩემთვის.
დაბოლოს, ერთსაც გეტყვით...
რამდენიმე თვის წინ, დავინახე, როგორ გეძინათ გვერდიგვერდ. იმის მიუხედავად, რომ ეს ასჯერ მინახავს, გავიფიქრე: მას ჰყავს ძმა, მას კი ჰყავს და. ერთად გაიზრდებიან.
როგორი მარტივია, არა? მაგრამ ჩემთვის, ძალიან ლამაზი მომენტი იყო.
თავი იღბლიანად ვიგრძენი.
და შემდეგ ტირილი დავიწყე.
მადლობა ჩემი სიცოცხლის სრულყოფისთვის.
მიყვარხართ.
თქვენი მამიკო.