MARCA: "მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა"
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის უპრინციპულეს შეხვედრაში, "ვალენსიასა" და "რეალის" დაპირისპირება შედგა. "მესტალიაზე" გამართული საფეხბურთო დრამა, მასპინძლების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
- მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიება რეალის წინააღმდეგ | VIDEO
- ვალენსიამ რეალს მოუგო – მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა
- მამარდაშვილი რეალთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა | VIDEO
- მამარდაშვილის 3 შესანიშნავი სეივი რეალის წინააღმდეგ | VIDEO
- ვინისიუსი: ,,ოდესღაც მესის და რონალდუს ლა ლიგა, ახლა რასისტებს ეკუთვნით”
"ვალენსიას" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ქართველმა კიპერმა - გიორგი მამარდაშვილმა დაიდო, რომელმაც 5 ბრწყინვალე სეივი განახორციელა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
"ვალენსიამ" მისი აღზრდილი მოთამაშეების თავგანწირვითა და მეკარის სასწაულებრივი სეივების წყალობით გაიმარჯვა" - ასე ეხმაურება ავტორიტეტული ესპანური მედია საშუალება "ღამურების" გამარჯვებას. MARCA ასევე დასძენს, რომ "ბლანკოსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ვალენსია" 5 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლა ლიგა 2-ში დაქვეითდეს.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩს დაძაბულობა არ აკლდა - განსაკუთრებით ვინისიუსი აპელირებდა, რომელსაც ტრიბუნებიდან რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. "რეალის" ვარსკვლავმა მთავარ არბიტრს ისიც კი განუცხადა, რომ ამ პირობებში თამაშის გაგრძელება არ შეეძლო და მოედნიდან გასვლის ზღვარზე იყო.
ვინისიუსმა მოედანი მართლაც ნაადრევად დატოვა, მაგრამ არა პროტესტის ნიშნად, არამედ არასპორტული საქციელისა და ჩხუბის გამო, რომელშიც გიორგი მამარდაშვილიც მონაწილეობდა.
მატჩის მიწურულს ვინიმ ნერვები ვეღარ მოთოკა და "ვალენსიას" ფეხბურთელის წინააღმდეგ განსაკუთრებით იუხეშა. თანაგუნდელის დახმარება გიორგი მამარდაშვილმა გადაწყვიტა, რომელიც ვინისიუსს დაუპირისპირდა - ჩხუბში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ და მოვლენების კიდევ უფრო მძიმე სცენარით განვითარების დიდი შესაძლებლობა შეიქმნა, თუმცა, საბოლოოდ ფეხბურთელების გაშველება შეძლეს. მთავარმა არბიტრმა ვინისიუსი გააძევა მამარდაშვილი კი ყვითელი ბარათით დასაჯა.
მომხდარი უსიამოვნება გიორგი მამარდაშვილის გმირობას ჩრდილს ვერ მიაყენებს. "ვალენსიას" მიერ მოპოვებულ 3 ქულაში, ქართველ მეკარეს დიდი წვლილი მიუძღვის - მამარდაშვილმა წარმოუდგენელი სასწაულის ჩადენა და ურთულესი ბურთების მოგერიება შეძლო.
მატჩის დასრულების შემდეგ, "ღამურების" სათადარიგო კიპერი - იაგო ერერინი, ქართველი მეკარის პერფორმანსს გამოეხმაურა.
"ბედნიერი ვარ, რომ გიყურებ და შენთან ვარჯიშის შესაძლელობა მაქვს. დიდებული გუნდელი, საოცრად შრომისმოყვარე და ბრწყინვალე მეკარე ხარ", - იაგო ერერინი.
ვინისიუსმა მომხდარი დაგმო და ლა ლიგა მწვავედ გააკრიტიკა. ბრაზილიელი ვარსკვლავის მტკიცებით, ლა ლიგა, რომელიც ოდესღაც ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდათ, ახლა რასისტების საკუთრებაა.
,,ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არც მეორე და არც მესამე. ლა ლიგაში რასიზმი ნორმალურია… ვწუხვარ, ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუსა და მესის ეკუთვნოდათ, ახლა რასისიტებს ეკუთვნით. მშვენიერი ერი, რომელმაც მიმიღო და რომელიც მიყვარს, მსოფლიოში რასისტული ქვეყნის იმიჯის გატანას დათანხმდა. ვწუხვარ, იმ ესპანელების გამო, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ, დღეს, ბრაზილიაში, ესპანეთი ცნობილია, როგორც რასისტების ქვეყანა. და, სამწუხაროდ, მე არავინ მიცავს. თუმცა, ძლიერი ვარ და რასიზმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებ. თუნდაც აქიდან შორს,” – წერს ვინისიუსი.
შეგახსენებთ, ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, "მალიორკასა" და "ვალენსიას" დაპირისპირება შედგება. მატჩი 25 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.