Belive

მაყურებლის გარეშე და პრეზიდენტის 1-წლიანი დისკვალიფიკაცია - დინამო ბათუმი მკაცრად დასაჯეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი", ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, აჭარულმა კლუბმა როგორც ფინანსური ჯარიმა, ისე კონკრეტული პირების დისკვალიფიკაცია მიიღო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:

ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო ისე საგარეო მატჩებზე.

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს დაეკისრა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით.

"დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 34 ტურის შემდეგ დაგროვებული 73 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერ, "დინამო თბილისს" 3 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება შემდეგ ტურს, შავიზღვისპირული კლუბი მომდევნო დაპირისპირებას "გაგრას" წინააღმდეგ, 26 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები