მანჩესტერ სიტის 2012 წლის საჩემპიონო გუნდი - სად არიან ისინი ახლა?!
2 წლის წინ
ფეხბურთი
8 წთ
ჯო ჰარტი (მეკარე)
მაშინ, როდესაც "სიტიმ" ეს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ჯო ჰარტი 25 წლის იყო და ინგლისის ეროვნული ნაკრების კარის ღირსებასაც იცავდა. ჯო ჰარტმა პრემიერლიგის ტიტული 2-წლის შემდეგაც მოიგო, კვლავაც "სიტის" რიგებში. ინგლისელი მეკარისთვის ყველაფერი მას შემდეგ აირია, როდესაც კლუბში პეპ გვარდიოლა მივიდა. 2016 წელს, პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ კლუბში პირველ მეკარედ ჯო ჰარტი არ სჭირდებოდა. ჰარტი და გვარდიოლა ერთმანეთს ვერ უგებდნენ, რის გამოც კლუბმა ინგლისელი მეკარე გაანათხოვრა. ჰარტი იჯარის წესით "ტორინოში" და "ვესტ ჰემში" თამაშობდა. შემდეგ კი კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა და "ბარნლიში" გადავიდა. "ბარნლის" დატოვების შემდეგ ნახევარი წელი კვლავ პრემიერლიგაში, კერძოდ კი "ტოტენჰემში" გაატარა. ბოლოს კი 35 წლის მეკარე "სელტიკში" თამაშობდა და დღემდე ამ კლუბის ღირსებას იცავს.
პაბლო საბალეტა (მარჯვენა მცველი)
არგენტინელმა განაპირა მცველმა სეზონის დიდი ნაწილი მიკა რიჩარდსის შემცვლელად ითამაშა და კლუბს სათადარიგო სკამიდან ეხმარებოდა, თუმცა სეზონის ბოლოს გახდა ძირითადის მოთამაშე და "ქპრ"-ს წინააღმდეგ პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა. დროთა განმავლობაში, მისი ერთგულებითა და სულისკვეთებით, საბალეტა გახდა გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, არგენტინელი ფეხბურთელი კლუბს ტიტულების მოპოვებაში დაეხმარა. მან "სიტი" 2017 წელს დატოვა და "ვესტ ჰემს" შეუერთდა, თუმცა სამი წლის შემდეგ კარიერა დაასრულა და ახლა ტელევიზიაში მუშაობს.
ჯოლეონ ლესკოტი (ცენტრალური მცველი)
რომ არა აგუეროს გამარჯვების გოლი, ჯოლეონ ლესკოტის "სიტიში" გატარებული მოგონებები შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო. სწორედ ჯოლეონ ლესკოტის ბავშვური შეცდომის გამო, "მანჩესტერ სიტი" "ქპრ"-ს ვერ უგებდა. თუმცა, ერთი მომენტითა და შეცდომით სრული სეზონის განსაზღვრა უსამართლო იქნებოდა, რადგან ლესკოტი ხუთი წლის განმავლობაში "სიტის" შეუცვლელი წევრი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, ლესკოტი კლუბში დაბრუნდა, რათა საზღვარგარეთ იჯარით მოთამაშეების თამაშის ხარისხი ეკონტროლებინა. ჯოლეონ ლესკოტი ახლა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.
ვენსან კომპანი (ცენტრალური მცველი)
ვენსან კომპატნი - ისტორიული მოთამაშე "სიტის" რიგებში, რომელსაც სტადიონის ("ეტიჰადის") გარე პერიმეტრზე ქანდაკება უდგას. კომპანი წლების განმავლობაში იცავდა "ქალაქელთა" ღირსებას და სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში, "მანჩესტერ სიტი" ძალიან წარმატებული და ტიტულოვანი კლუბი გახდა. ბელგიელ მცველს "სიტისთან" 11 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მოედანზე ყოფნისას მისი ლიდერული უნარები ყოველთვის გვაფიქრებდა, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, იგი სამწვრთნელო კარიერაში ჩაერთვებოდა. სწორედ ასეც მოხდა, ბელგიელმა მცველმა ჯერ "ანდერლეხტი" ჩაიბარა, ახალი სეზონიდან კი ჩემპიონშიფის კლუბის - "ბარნლის" მთავარი მწრთნელი იქნება.
გაელ კლიში (მარცხენა მცველი)
ნასრის მსგავსად, "სიტიმ" კლიშიც "არსენალიდან" დაიმატა, რათა კლუბს 44 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი ტიტულის მოპოვებაში დახმარებოდა. მანჩესტერულ კლუბში გატარებული დროის დიდი ნაწილი, კლიშიმ სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ალექსანდრე კოლაროვთან მუდმივი დუელი ჰქონდა. ფრანგმა მცველმა "სიტი" 2017 წელს დატოვა. პრემიერლიგის დატოვების შემდეგ, ფრანგი განაპირა მცველი თურქულ "ბასაკშეჰირში" გადავიდა და 2020 წლის ჩათვლით თამაშობდა. 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე კი იგი შვეირაციული კლუბის - "სერვეტის" ღირსებას იცავს.
სამირ ნასრი (მარჯვენა ნახევარმცველი)
ნასრი, რომელიც ყოველთვის საოცრად ნიჭიერ მოთამაშედ ითვლებოდა, "სიტიში" კიდევ უფრო გამორჩეული ფიგურა გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პერიოდი, როდესაც კლუბის სათავეში მანუელ პელეგრინი იდგა. გვარდიოლას მოსვლის შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ის რეგულარულად ვერ ითამაშებდა და "სიტი" დატოვა. წასვლის შემდეგ ნასრიმ "სევილიაში", "ვესტ ჰემსა" და "ანდერლეხტში" ითამაშა. 2017 წელს მას უეფამ ანტიდოპინგური რეგულაციების დარღვევის გამო ხანგრძლივი სასჯელი დაუწესა. 2021 წელს ნასრიმ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
გარეთ ბერი (ცენტრალური ნახევარმცველი)
"სიტის" ერთ-ერთმა "უცნობმა" გმირმა - გარეთ ბერიმ, 2012 წელს მანჩესტერული კლუბის ისტორიულ ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მომდევნო სეზონის ბოლოს, 32 წლის ბერიმ "სიტი" დატოვა. თუმცა, მანჩესტერული კლუბის დატოვების შემდეგ, "ევერტონსა" და "ვესტ ბრომვიჩში" მან კიდევ 8 სეზონი ითამაშა. 2020 წლის აგვისტოში ბერი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 653 პრემიერლიგურ თამაშში შეძლო მონაწილეობის მიღება.
იაია ტურე (ცენტრალური ნახევარმცველი)
"ბარსელონაში" სერხიო ბუსკეტსის გამოჩენის შემდეგ იმედგაცრუებულმა იაია ტურემ, კარიერა "სიტიში" განაგრძო და მართლაც ყველას აჩვენა თავისი ყოვლისმომცველი შესაძლებლობები. იაია ტურე გახდა ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ბურთის დამჭერი ნახევარმცველი. ტურე მანჩესტერულ კლუბში გატარებული 8 სეზონის განმავლობაში, ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო. მან ახლახან ჩააბარა Uefa 'A' კატეგორიის გამოცდა, რადგან ის ცდილობს, რომ დაიწყოს სამწვრთნელო კარიერა. მას უკვე არაერთ პრემიერლიგურ კლუბს უკავშირებენ, თუმცა წინ დიდი დროა...
დავიდ სილვა (მარცხენა შემტევი)
10-წლიანი ძალიან ნაყოფიერი კარიერის შემდეგ, დავიდ სილვამ მანჩესტერული კლუბი 2020 წელს დატოვა. ცნობილია ის ფაქტი, რომ კლუბი ესპანელ ფეხბურთელს განსაკუთრებულად უნდა დამშვიდობებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, დაგეგმილი გამოსამშვიდობებელი დადგმა გაუქმდა. სილვა სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც "სიტის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. დავიდ სილვა ლა ლიგაში, კერძოდ კი "რეალ სოსიედადში" თამაშობს.
კარლოს ტევესი (ცენტრფორვარდი)
ისეთი ფიგურისთვისაც კი, როგორიც ტევესია, 2011/12 წლების სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა შუა სეზონში, "სიტის" მთავარ მწვრთნელთან - მანჩინისთან ჩხუბის შემდეგ "სიტი" დატოვა. არგენტინელი ფორვარდი თებერვალში დაბრუნდა და მანჩესტერულ კლუბს ისტორიული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ტევესმა "სიტი" საბოლოოდ 2013 წელს დატოვა და კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელა. არგენტინელმა ფორვარდმა 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა არგენტინის ჩემპიონატში, "როსარიო ცენტრალში" კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.
სერხიო აგუერო (ცენტრფორვარდი)
"სიტიში" ასპარეზობის პირველივე სეზონში, აგუერომ "ქპრ"-ს ისტორიული გოლი გაუტანა. "ქპრ"-სთან გატანილი გოლით, არგენტინელი "მანჩესტერ სიტის" ლეგენდა გახდა. საბოლოოდ, 260 გატანილი გოლით, აგუერო "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბდა. 10 წლიანი ურთიერთობისა და 14 მოპოვებული ტიტულის შემდეგ, სერხიო აგუერომ დატოვა "სიტი" და "ბარსელონაში" გადავიდა. თუმცა, გულის პრობლემებისა და დაავადების გამო, ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა კარიერა დაასრულა.