Belive

მამია გავაშელიშვილი: "შარშან ვერ წარმოვიდგენდი, რომ საერთოდ ვითამაშებდი, ახლა კი კარიერის მთავარი გოლი გავიტანე" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივმა" უდიდესი სენსაცია მოახდინა და მკოსკოვის "დინამოს" 2:1 სძლია, რითაც მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება შექმნა. გადამწყვეტი გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი გახდა, 25 წლის თავდამსხმელი, რომელმაც წინა წელს მძიმე დაავადება დაამარცხა, მოედანს დაბრუნდა და გუნდს წარმატებულ სვლაში აქტიურად ეხმარება. Live.ge გავაშელიშვილს დაუკავშირდა და პრინციპული მატჩის და გატანილი გოლის ემოციების შესახებ ესაუბრა. "ვიცოდით, რომ ძალიან რთულ მეტოქეს ვეთამაშებოდით. მოსკოვის "დინამო" გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ძალიან კარგი გუნდია. მათთან გამარჯვება მარტივი რომ არ იქნებოდა, ამას თავიდანვე ვაცნობიერებდით, თუმცა სწორად ვითამაშეთ, ჩვენს მიერ შექმნილი მომენტები 100%-ით გამოვიყენეთ, რაც მეტოქემ ვერ მოახერხა და საბოლოოდ არამხოლოდ გუნდისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ გოლს, ახლაც ემოციებში ვარ და ჯერ კიდევ ვერ გამიცნობიერებია რაც მოხდა. შარშან ვერც ვიფიქრებდი, რომ ევროპის ლიგაზე საერთოდ თამაშს შევძლებდი, არათუ გოლის გატანას. ეს გოლი მომავალში თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად ძალიან დამეხმარა. მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგა, განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს და ოჯახს. "ლოკომოტივის" შემადგენლობაში ძალიან ბევრი გოლი გამიტანია, მაგრამ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გოლი იყო, რომლითაც გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგებაში დავეხმარე.  შემდეგ დაპირისპირებაში ფავორიტი რა თქმა უნდა, "გრანადა" იქნება, თუმცა ისევე, როგორც "კრაიოვასთან"  და მოსკოვის "დინამოსთან", ესპანელ მეტოქესთანაც მაქსიმალურად ვიბრძოლებთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - გვითხრა გავაშელიშვილმა.

სხვა სტატიები