მამარდაშვილს უცხოური პრესა კვლავ აქებს
“ვალენსიას” ქართველმა მეკარემ - გიორგი მამარდაშვილმა, რეკორდი დაამყარა და "ღამურების" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კიპერი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში სულ მცირე 50 შეხვედრა ჩაატარა.
22 წლის ქართველი მეკარის შესახებ ესპანური და ინგლისური მედია საშუალებები აქტიურად აპელირებენ - სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან.
ერთ-ერთი ავტორიტეტული მედია საშუალება, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" საგანძურს უწოდებს და ახალგაზრდა ქართველ კიპერს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი (22) "ვალენსიას" ნომერ პირველი მეკარეა. ბრწყინვალე სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, მამარდაშვილი ევროპის ტოპ კლუბების ყურადღებას იპყრობს.
ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილმა "ვალენსიას" კარი 32 შეხვედრაში დაიცვა - გასულ სეზონში, ლა ლიგაში დებიუტის შემდეგ კი "ღამურების" მაისური უკვე 50 შეხვედრაში მოირგო და კლუბის ისტორიაში შევიდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ 50-მატჩიან ნიშნულს ქართველმა კიპერმა 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის ასაკში მიაღწია, რაც "ვალენსიას" 104-წლიან ისტორიაში ვერცერთმა კიპერმა შეძლო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ვალენსია" ნიჭიერი მეკარეების დანაკლისს არასდროს განიცდიდა, რომლებიც საფეხბურთო სამყაროში საკუთარ სახელს ტოვებდნენ, თუმცა, მამარდაშვილმა "ვალენსიას" ისეთი სახელოვანი მეკარეების დაჩრდილვა შეძლო, როგორიცაა: იგნასიო იზაგირე (23 წელი, 2 თვე და 9 დღე), მანზანედო (23 წელი, 3 თვე და 17 დღე) და სემპერი (23 წელი, 10 თვე და 24 დღე).
უნდა გვახსოვდეს, რომ 3-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერამდე, "ვალენსიამ" მამარდაშვილი იჯარით დაიმატა, მაგრამ იმ დროს, როდესაც კლუბს ტრავმის გამო სილესენი და ხაუმე გამოაკლდა, მამარდაშვილმა შანსი მიიღო. ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 18 შეხვედრაში, ქართველმა კიპერმა დაადასტურა, რომ მიღებული შანსი იდეალურად გამოიყენა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, "ვალენსიას" მრავალ გამოწვევასთან მოუხდა გამკლავება. გატუზოსა დ ახლა უკვე ბარახას ეპოქაში, გუნდში არასტაბილური გარემოა, მაგრამ მამარდაშვილი ჩვეულ ფორმას არ კარგავს და გულშემატკივრის განებივრებას ბრწყინვალე სეივებით განაგრძობს. 22 წლის ქართველმა მეკარე, "ღამურების" კარის ხაზზე უშეცდომოდ ასპარეზობს და არაერთ შეხვედრაში ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ, ევროპული გრანდების სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა. მამარდაშვილის მიმართ ინტერესს განსაკუთრებით ინგლისის პრემიერ ლიგაში იჩენენ, სადაც "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლესტერი" და "ვესტ ჰემი" კიპერის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.
ამავდროულად, მამარდაშვილი "ვალენსიას" ყველაზე ძვირადღირებული აქტივია, რომელმას მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. გაახანგრძლივებს, თუ არა მამარდაშვილი კონტრაქტს, ან დატოვებს, თუ არა "ვალენსიას" ეს დროის საკითხია, მაგრამ ამ დროისათვის, ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.