მაკედონიური პრესა - "პანდევთან ერთად თბილისი გადავწვით, ახლა სხვა ბიჭების დროა..."
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაკედონიური სპორტული საიტი sportmedia.mk, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩს ეხმაურება და საქართველოს ნაკრებთან ისტორიულ გამარჯვებას იხსენებს.
"ერთი წუთით დავივიწყოთ ის "საგანგაშო" დუელი ერთა ლიგის ამ სეზონიდან საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც სახლში 0:3 წავაგეთ და გავიხსენოთ ჩვენთვის განსხვავებული, უფრო ბედნიერი დრო, როცა საქმე ისტორიულ გამარჯვებას ეხება. 12.11.2020 - ეს იყო ბრძოლა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი მატჩისთვის, როცა იმ ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ. 0:1 გამარჯვება შუა თბილისში, გორან პანდევის ისტორიული გოლი და თავად გორან პანდევის "გადამწვარი" თბილისი.
პანდევი წავიდა, მაგრამ ნესტოროვსკი, ადემი, რისტოვსკი, ნიკოლოვი. სწორედ ეს ფეხბურთელები იყვნენ იმ მატჩის დამწყები და იმ თაობის იმედებიც. ნესტოროვსკი მილევსკის გეგმებში არ შედის, ადემი და რისტოვსკი დაშავებულები არიან, ნიკოლოვი რამდენიმე დღის წინ კი საერთოდ უკლუბოდ იყო. კოსტადინოვი და ტრიჩკოვსკი იმ მატჩში სათადარიგო სკამის ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა ნაკრებიდან ისინიც წავიდნენ. მოკლედ, თითქმის მთელი ნაკრები შეცვლილია, თუმცა უნდა გამოჩნდეს ვინმე ისეთი, ვინც ემოციებს დადებითისკენ შეგვიცვლის.
ახლა კიდევ რამდენიმე ბიჭს მოუწევს თბილისში თავის დამტკიცება. სიტუაცია ისეთია, რომ უბრალოდ უნდა დაამტკიცონ. ახლა ელმასის ჯერია, ასევე ნაკრების იმედია პალერმოელი გმირი - ალექსანდრე ტრაიკოვსკი. მილან რისტოვსკის ამ კამპანიაში პირველი თავდამსხმელის როლი აქვს, დროა მისი გოლი გადამწყვეტი იყოს ამ დაპირისპირებაში. ალიოსკი დიდებულად თამაშობს "ფენერბაჰჩეში" და ის უკვე ტოპ ფორმაში უნდა იყოს შესული, შესაბამისად, ამოცანის შესასრულებლად იდეალური დროა.
ანგელოვსკი წარსულია, მილევსკი აწმყო. ამიტომ ახლა სწორედ „სერ ბობიმ“ უნდა მოძებნოს გამოსავალი და პარასკევს, 20:00 საათიდან, უნდა მოიპოვოს მორიგი გასვლითი ტრიუმფი თბილისში. დიახ, ამ ერთ და კონკრეტულ გამარჯვებას არ ექნება ისეთივე წონა, როგორც 2020 წლისას, მაგრამ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ნდობისთვისა და ნაკრებისთვის".
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახვეარფინალის საგზურს მოიპოვებს.