მადრიდის რეალი სებასტიან ჰიონესის კანდიდატურას განიხილავს
გამოცემა „The Athletic“-ის ინფორმაციით, მადრიდის ამჟამინდელი მწვრთნელი ალვარო არბელოა, მიუხედავად 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტისა, დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. ამ სამომავლო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია უტიტულო სეზონმა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნთან მარცხმა.
ამ ფონზე, მადრიდელები რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, განსაკუთრებული ყურადღება ჰიონესზეა გამახვილებული. გერმანული გამოცემა „Sport Bild“ წერს, რომ რეალი გერმანელით პირველად 2024 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს დაინტერესდა, სადაც VfB Stuttgart-მა ძლიერი და კონკურენტუნარიანი თამაში აჩვენა, მიუხედავად საბოლოო 1:3 მარცხისა.
შტუტგარტის თანამედროვე, აგრესიული სათამაშო სტილი, ისევე როგორც სებასტიან ჰიონესის უნარი შეზღუდული რესურსებით შექმნას დისციპლინირებული და კონკურენტუნარიანი გუნდი, განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეალის ხელმძღვანელობისთვის. გერმანელს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და გამოსასყიდი პუნქტი არ არის გათვალისწინებული, რაც შესაძლო ტრანსფერს საკმაოდ ხარჯიანს ხდის.
შტუტგარტის მწვრთნელი მშვიდად შეხვდა მასსა და რეალ მადრიდზე გავრცელებულ ხმებს. „ეს ფაქტორი ჩემზე დიდ გავლენას არ ახდენს,“ — განაცხადა ჰიონესმა DFB-Pokal-ის ნახევარფინალის წინ, სადაც მისი გუნდი ფრაიბურგს დაუპირისპირდება.