Belive

მადრიდის მერი: „ესპანეთისთვის ფინალის მასპინძლობის უფლების წართმევა შეურაცხყოფა იქნება“

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა მიიჩნევს, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სწორედ მისმა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს. მისი თქმით, ფინალის მასპინძლობის უფლების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა ესპანეთის შეურაცხყოფა იქნება და შესაძლოა, ქვეყანამ ტურნირის ორგანიზებაში საკუთარი როლის გადახედვაც დაიწყოს.

ალმეიდამ ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ერთობლივი განაცხადი მანამდე წარადგინეს, ვიდრე მათ მაროკო შეუერთდებოდა. მოგვიანებით კი პროექტს კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, რომლებიც ტურნირის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თითო მატჩს უმასპინძლებენ.

„იმის გათვალისწინებით, რასაც ესპანეთის ნაკრები ფეხბურთს სთავაზობს, ფინალის მასპინძლობის უფლებას წაგვართმევენ? კაცთა და ქალთა ნაკრებების, ოლიმპიური გუნდისა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგების შემდეგ ვინ გაბედავს, ფინალი იმ ქვეყანას წაართვას, რომელსაც საუკეთესო სტადიონები, ინფრასტრუქტურა და დიდი ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება აქვს?“ - ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა

ალმეიდამ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად FIFA-ს შეფასებაც მოიშველია. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის კრიტერიუმით ესპანეთმა ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. მერი რა თქმა უნდა ფინალის მადრიდში ჩატარებას ემხრობა, თუმცა დედაქალაქის კანდიდატურის ჩავარდნის შემთხვევაში სხვა ესპანური ქალაქის არჩევასაც არ გამორიცხავს.

„მაროკოს მიმართ თანაგრძნობა მაქვს, თუმცა ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. პირადად მე მსურს, მატჩი მადრიდში ჩატარდეს და დედაქალაქის კანდიდატურას ბოლომდე დავუჭერ მხარს. მაგრამ თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ის აუცილებლად ესპანეთში უნდა ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში ჩემი არჩევანი ბარსელონა იქნება“ - ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა

ამ დროისთვის ექვსივე ქვეყანა ელოდება მატჩების განაწილებისა და ორგანიზაციული პასუხისმგებლობების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას. მთავარი ინტრიგა კი კვლავ ფინალის მასპინძელი ქვეყნისა და სტადიონის გარკვევაა.