საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, ლუკა გაგნიძემ, შესაძლოა საკლუბო კარიერა პოლონეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი ვაკო გვილიას "რაკოვში" გააგრძელოს.
ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება, კერძოდ კი მას საფეხბურთო გვერდი Geo Team-ი ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაცია Live.ge-მ 19 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტთან გადაამოწმა, ირაკლი ლილუაშვილმა კი გვითხრა, რომ სააგენტო Bene Sport-ი დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს.
"დინამო თბილისის" აღზრდილი ნახევარმცველი 2021 წლის ივლისში მოსკოვის "დინამოში" გადაბარგდა და განათხოვრების წესით ეკატერინბურგის "ურალში" თამაშობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, რუსეთის ჩემპიონატი დატოვა.